20 June 2009
19 June 2009
18 June 2009
გია ბუღაძე - ჩვენი უკვდავი თანამედროვე
ფოტოზე ირაკლი ფარჯიანი
იმ ხელოვანთაგან, რომელნიც ადრე მიდიან, ალბათ მარად ახალგაზრდულ სიხალასეს მოითხოვს განგება. მათ შემოქმედებას, მათ ქმნილებებს დაღლილობის ნიშანწყალიც კი არ ეტყობა. საქართველოში, ამ ჩვენს პატარა ქვეყანაში, ალბათ, პოეზიის ახალგაზრდული მარადიულობა მაინც ნიკოლოზ ბარათაშვილი გახლდათ. მხატვრობაში კი ირაკლი ფარჯიანი - ჩემი უფროსი ძმა, საყვარელი მეგობარი და დიდი მხატვარი.
ირაკლის შემოქმედებას ღრმად აქვს გადგმული ფესვები ქართული ხატწერის უშორესი და ულამაზესი ტრადიციის სიბრძნეში.
ეს არის მისტიური თვითგარინდება _ თვითჩაღრმავების საუკუნოვანი ტრადიციებიდან რომ იკვებება და ასევე ივსება, ნაყოფიერდება თანამედროვე მხატვრობის, სახვითობის კონცეფციურ _ სტილისტური მეთოდებითა და ხერხებით, რაც ირაკლი ფარჯიანის ხელოვნებას, მე ვიტყოდი სამარადჟამოდ თანამედროვეს ხდის. ასე რომ მისი წარმოუდგენლად დამაჯერებელი, განუმეორებელი ხატოვანება გახლავთ ნაერთი ტრადიციის სიბრძნისა და დღევანდელობის ცხოველმყოფელობისა.
ირაკლი ფარჯიანი ამ ცხოვრებიდან 41 წლისა წავიდა. მის სულში მოკაშკაშე მზე დილის იმპულსებით ძალუმად სხივოსნობდა, რაც არაჩვეულებრივი ძალით აისახა მის ბოლო ქმნილებებში, გრაფიკულ ოპუსებში, რომელიც მან უკანასკნელ ზაფხულს შექმნა მანგლისში… მანმადე კი, მართლაც გენიალურ ჯვარცმა-ხარების ციკლებში.
17 June 2009
ლევან ჭოღოშვილი - მეფეთა პორტრეტების სერია(1998 წელი)

ლევან ჭოღოშვილის მხატვრობის თემას უმთავრესად პორტრეტი შეადგენს. აქ გვხვდება ქართველი არისტოკრატების ჯგუფური პორტრეტები, საქართველოს მეფეთა პორტრეტების სერიები რელიგიურ თემატიკა, საქართველოს ისტორიის ამსახველი სურათები, ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟთა სახეები.
მხატვრის ნამუშვერებიდან ჩვენი ყურადღება მიიპყრო მეფეთა პორტრეტების სერიამ, რომელიც მან 1998 წელს ნავთობის კორპორაციის დაკვეთით შეასრულა. ესენია: მითრიდატე დიდის, ვახტანგ გორგასალის, ბაგრატ III, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და გიორგი ბრწყინვალეს პორტრეტები.
1980-იანი წლების დასაწყისში ლევან ჭოღოშვილმა შექმნა ქართველ მეფეთა სახეები ამჯერად გრემის მონასტრისათვის - იქაური მუზეუმის დაკვეთით.
შემკვეთთა სურვილის თანახმად, სერიაში წარმოდგენილნი არიან კახეთის სამეფოს დიდი მეფეები: ქეთევან დედოფალი, თეიმურაზ I, გრემის მონასტრის დამაარსებელი ლევან მეფე, ერეკლე II და თეიმურაზ II, მხატვრის თქმით, მან ცენზურის გამო სწორედ ის მეფეები აირჩია, რომლებიც ისტორიულად ასე თუ ისე დაკავშირებულნი იყვნენ რუსეთის სამეფოსთან.
ეს გახლავთ ზეთის საღებავებით შესრულებული მონუმენტური პორტრეტები. არსებითია, რომ ამ სერიის შექმნისას მხატვრის ძირითადი ორიენტირები შუასაუკუნეების ქართულ კედლის მხატვრობას (XII საუკუნე), შუასაუკუნეების პოლონური პორტრეტის ტრადიციებს, ირანულ პორტრეტულ მხატვრობასა და კასტელის ნახატებს ესადაგება. როგორც მხატვარი ამბობს, იმ დროს დაუშვებელი იყო ყოველგვარი დეფორმაცია და მაშინდელი "ჭრელი" ფერწერის საპირისპიროდ შეგნებულად გამოიყენა "ჩამქრალი" ფერები.
საერთოდ, დამკვეთი და მხატვარი იშვიათად თანამშრომლობენ შეთანხმებულად არც ისე ადვილია მათ შორის თანხმობის მიღწევა. დამკვეთი არასოდეს შემოფარგლება ვადის უბრალოდ განსაზღვრებით, ან თუნდაც ასანაზღაურებელი თანხის ციფრით. მასაც სურს მიიღოს მონაწილეობა მომავალი ნაწარმოების შექმნაში. მხატვარი კი მხოლოდ ერთს იხთოვს: არ დათრგუნონ მისი შემლქმედებითი ნება, რომ უცხო, მოუხელთებელი ხელი არ შეეხოს მის ფანტაზიას. ეს ორი შეუთანხმებელი მსოფლმხედველობა განსაკუთრებულად იჩენს თავს პორტრეტის სფეროში. ამიტომაც დაკვეთა გარკვეულ კომპრომისს გულისხმობს მხატვრის მხრიდან. ლევან ჭოღოშვილი ამბობს: "ის მეფეები, რომლებიც მე გრემის მონასტრისათვის დავხატე და ეს მეფეებიც, რა თქმა უნდა, გარკვეული კომპრომისია. იდეალურ შემთხვევაში, მხატვარი თავისთვის უნდა მუშაობდეს, არ უნდა ფიქრობდეს სად გამოფინოს, სად გაყიდოს თავისი ნამუშევრები. მიუხედავად იმისა, რომ დამკვეთმა სრული თავისუფლება მომცა, ისიც იგრძნობდა, რომ ნამუშევრები მოსწონდა, კომპრომისი ძალაუნებურად მაინც არსებობდა".
04 June 2009
სამი ლიტერატურული პორტრეტი "სეზანი", "მატისი" და "პიკასო"

გერტრუდ სტაინის "კუბისტურად დაწყობილი სიტყვებით", ვერბალიზმებითა და დისონანსური გამეორებებით "დახატული" სამი ლიტერატურული პორტრეტი "სეზანი", "მატისი" და "პიკასო" პირველად ალფრედ შტიგლიცმა გამოაქვეყნა 1912 წელს “Camera Work”-ში (მოგვიანებით გაერთიანდა წიგნში "პორტრეტები და ლოცვები" - “Portraits and Prayers”), იმ დროს, როცა ნიუ-იორკში გაიხსნა მოდერნისტული ხელოვნების გამოფენა, სადაც საკმაოდ ბევრი ტილო იყო წარმოდგენილი სტაინების კოლექციიდან. გერტრუდ სტაინის სახელიც მაშინ გახმიანდა და გახმიანდა სწორედ იმ მხატვრებთან ერთად, რომელთა გზასა და პრინციპებსაც, საერთო აზრით, იმთავითვე იზიარებდა და მიჰყვებოდა მწერლობაში. შტიგლიცს უთქვამს, ეს პორტრეტები ისე მივიღე გამოსაქვეყნებლად, არც კი დავფიქრებულვარ, რადგან ერთი გადახედვით, სულერთია, მაინც ვერაფერი გავიგეო.; მაგრამ მერე ისინი იუმორისა და სატირის სამიზნე რომ გახდა, მისი ავტორი მაინც დაბეჯითებით იმეორებდა, აკი მეც იმასვე ვიქმოდი, რასაც კამერა იქმს, ანუ ვცდილობდი განგრძობითობის, უწყვეტობის შეგრძნება შემექმნაო და ამაყობდა, ჩემ ციტატებს იმეორებენ და არა იმათსას, ვინც სინამდვილეში ხალხს უნდა აღაფრთოვანებდესო.
თარგმნა მერი ტიტვინიძემ
გერტრუდ სტაინი
სეზანიირლანდიელი ქალბატონი იტყოდა დღევანდელი დღე ყოველი დღეაო. კეისარი იტყოდა ყოველი დღე დღევანდელი დღეაო და იტყვიან ყოველი დღე ისაა რასაც იტყვიანო.
ასე და ამგვარად ჩვენ გვაქვს ადგილი რომ დავრჩეთ და მას არ შეეგებნენ რამეთუ გადაეწყვიტა დარჩენა. როცა ვთქვი გადაეწყვიტა-მეთქი დარჩენა ვგულისხმობდი რომ დარჩებოდა შაბათს. ასე და ამგვარად პირი პირია სადაც რაკი პირია სადაც და იქ დამიჯერეთ წყალიცაა. დამიჯერეთ იქ წყალიცაა და ლურჯიც. როდესაც უყურებთ ლურჯს ყველაფერი ლურჯი ძვირფასიცაა. ის არის რაც ძვირფასია ყველაფერი ისაა და ისინი გულისხმობენ თქვენ ხსნას. ასე და ამგვარად ქმნიდა სეზანი თითქმის ამგვარად ქმნიდა სეზანი და თითქმის ქმნიდა. სეზანი თითქმის ქმნიდა თითქმის ქმნიდა და თითქმის ქმნიდა. და მე ვიყავი გაოგნებული. ვიყავი მე გაოგნებული. მე ვიყავი გაოგნებული და ვითმენდი, თქვენ ითმენთ ხოლმე როცა პოულობთ ფუტკრებს. ფუტკრები ბაღში ქმნიან საგანგებო თაფლს. თაფლი და იქ. იქ სადაც ბალახი შეიძლება ოთხჯერ ამობიბინდეს წელიწადში.
გერტრუდ სტაინი
პიკასოიგი ვისაც მავანნი შეუდგნენ იყო ის ვინც იყო სავსებით მომხიბვლელი. იგი ვისაც მავანნი შეუდგნენ იყო ის ვინც იყო ერთიანად მომხიბვლელი იგი ვისაც მავანნი შეუდგნენ იყო ის ვინც იყო ჭეშმარიტად ერთიანად მომხიბვლელი.
მავანნი ჭეშმარიტად შეუდგნენ მას და სჯეროდათ რომ იგი ვისაც ისინი შეუდგნენ იყო ის ვინც იღწვოდა და იყო ის ვინც თავისი თავიდან მოეზიდებოდა რასმე მაშინ. მავანნი ჭეშმარიტად შეუდგნენ მას და სჯეროდათ რომ იგი ვისაც ისინი შეუდგნენ იყო ის ვინც თავისი თავიდან მოეზიდებოდა რასმე რაც იქნებოდა მძიმე რამ მყარი რამ და სრულქმნილი რამ.
იგი ვისაც მავანნი ჭეშმარიტად შეუდგნენ იყო ის ვინც იღწვოდა და ჭეშმარიტად იყო ის ვინც მაშინ მოეზიდებოდა რასმე თავისი თავიდან და იყო ის ვინც მთელი ცხოვრება იყო ის ვისაც ჰქონდა ამოსათქმელი რამ.
რაღაც მოჩქეფდა მისგან ჭეშმარიტად მოჩქეფდა მისგან ჭეშმარიტად ეს იყო რაღაც რაც ჭეშმარიტად მოჩქეფდა მისგან და მას ჰქონდა აზრი, მომხიბლავი აზრი, მყარი აზრი, ბობოქარი აზრი, ნათელი აზრი.
იგი ვისაც მავანნი ჭეშმარიტად შეუდგნენ და მავანნი ჭეშმარიტად შეუდგნენ მას, იგი ვისაც მავანნი ჭეშმარიტად შეუდგნენ იყო ის ვინც ჭეშმარიტად რუდუნებდა.
იგი ვისაც მავანნი ჭეშმარიტად შეუდგნენ იყო ის ვისაც ჰქონდა რაღაც რაც მოჩქეფდა მისგან რასაც ჰქონდა აზრი და ჭეშმარიტად რუდუნებდა მაშინ.
იგი რუდუნებდა და რაღაც მოჩქეფდა მაშინ რაღაც მოჩქეფდა მისგან მაშინ. იგი იყო ის და მუდამ ჰქონდა რაღაც რაც მოჩქეფდა მისგან და მუდამ ჰქონდა რაღაც მჩქეფარე. იგი არასდროს ყოფილა ის ვისაც არასდროს ჰქონია ის რაც მისგან მოჩქეფდა. იგი იყო ის ვისაც ჰქონდა ამოსათქმელი. იგი იყო ის ვისაც მავანნი შეუდგნენ. იგი იყო ის ვისაც მისდევდნენ. იგი იყო ის და მუდამ იყო ის ვისაც მავანნი შეუდგნენ. იგი იყო ის ვინც რუდუნებდა.
იგი იყო ის ვინც მიწყივ რუდუნებდა. იგი იყო ის ვინც მუდამ იყო ის ვისაც მუდამ ჰქონდა ის რაც მისგან მოჩქეფდა. იგი იყო ის ვისაც მარად ჰქონდა ამოსათქმელი. იგი იყო ის ვინც მიწყივ რუდუნებდა. იგი იყო ის ვისაც მავანნი შეუდგნენ. იგი იყო ის ვინც რუდუნებდა.
იგი იყო ის ვისაც მარად ჰქონდა რაღაც ამოსათქმელი. იგი იყო ის ვინც რუდუნებდა. იგი იყო ის ვინც მარად იღწვოდა. იგი იყო ის ვისაც მარად ჰქონდა რაღაც ამოსათქმელი და ეს იყო მყარი რამ, მომხიბვლელი რამ, ლამაზი რამ, გამაოგნებელი რამ, ამაფორიაქებელი რამ, უბრალო რამ, ნათელი რამ, ბნელი რამ, დამაფიქრებელი რამ, შემაძრწუნებელი რამ, აღმაშფოთებელი რამ, ძალიან ლამაზი რამ. იგი იყო ის ვინც ჭეშმარიტად იყო ის ვისაც ჰქონდა რაღაც ამოსათქმელი. იგი იყო ის ვინც მიწყივ რუდუნებდა.
იგი იყო ის ვინც რუდუნებდა და ჭეშმარიტად იყო ის ვისაც უნდა ეღვაწა რათა ყოფილიყო ის ვინც იღწვის, იგი იყო ის ვისაც ჰქონდა რაღაც ამოსათქმელი. იგი იყო ის ვისაც მთელი სიცოცხლე ექნებოდა რაღაც ამოსათქმელი. იგი იყო ის ვინც რუდუნებდა და იგი რუდუნებდა მაშინ და უნდა ეღვაწა რათა ჰქონოდა ამოსათქმელი ჰქონოდა რაღაც რასაც აქვს აზრი, უნდა ეღვაწა რათა ყოფილიყო ის ვინც მიწყივ რუდუნებს.
იგი იყო ის ვინც ჭეშმარიტად რუდუნებდა და სჯეროდა რომ არ ექნებოდა დასასრული მის რუდუნებას, იგი მიწყივ რუდუნებდა. იგი არ იყო ის ვინც დაშრეტამდე რუდუნებს. იგი არასდროს რუდუნებდა სრულ დაშრეტამდე.
იგი იყო ის ვისაც ჰქონდა რაღაც ამოსათქმელი ის რასაც ჰქონდა სავსებით ნამდვილი აზრი. იგი იყო ის ვისაც მავანნი შეუდგნენ. იგი იყო ის ვინც რუდუნებდა. იგი იყო ის ვინც რუდუნებდა და იყო ის ვისაც უნდა ეღვაწა რათა ყოფილიყო ის ვისაც ჰქონდა გზა ყოფილიყო ის ვინც რუდუნებდა. იგი იყო ის ვისაც ჰქონდა რაღაც ამოსათქმელი რასაც ჰქონდა აზრი. იგი იყო ის ვისაც მარად ჰქონდა რაღაც ამოსათქმელი და ის რასაც იგი ამოსთქვამდა იყო ის რასაც ჰქონდა ჭეშმარიტი აზრი. იგი იყო ის ვინც რუდუნებდა. იგი იყო ის ვინც თითქმის მუდამ რუდუნებდა. იგი არ იყო ის ვინც დაშრეტამდე რუდუნებს. იგი არ იყო ის ვისაც ოდესმე დაშრეტამდე უღვაწია. იგი არ იყო ის ვინც რუდუნებდა რათა ჰქონოდა რაღაც ამოსათქმელი. მას მარად ჰქონდა რაღაც ამოსათქმელი. იგი რუდუნებდა. იგი არასდროს რუდუნებდა დაშრეტამდე. იყვნენ მავანნი ვინც მას შეუდგა. ისინი მუდამ მისდევდნენ მას. მავანნი ჭეშმარიტად შეუდგნენ მას. იგი იყო ის ვინც რუდუნებდა. იგი იყო ის ვისაც ჰქონდა ამოსათქმელი ის რასაც ჰქონდა აზრი. იგი არასოდეს რუდუნებდა დაშრეტამდე.
გერტრუდ სტაინი
მატისიიგი სრულიად დარწმუნებული იყო რომ თავისი ყოფნის თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი შეალია იმას როგორ დაერწმუნებინა თავი თუ რარიგად ცდებოდა როცა იქმოდა იმას რასაც იქმოდა და მერე როცა ვერ დარწმუნდა რომ იგი ცდებოდა როცა იქმოდა იმას რასაც იქმოდა, როცა სრულიად დარწმუნდა რომ ვერ დარწმუნდებოდა რომ ცდებოდა როცა იქმოდა იმას რასაც იქმოდა მაშინ ჭეშმარიტად ირწმუნა რომ იგი იყო დიდი და ჭეშმარიტად იყო დიდი ჭეშმარიტად ყოველი ირწმუნებდა რომ იგი იყო დიდი.
ვიეთნი იტყოდნენ მასზე თუკი ვინმე ერთხელ ირწმუნებდა მას მერე ვეღარავის ირწმუნებდაო. ჭეშმარიტად იტყოდნენ ამას ვიეთნი.
იგი ჭეშმარიტად და ნათლად გამოხატავდა ერთგვარს რასმე, ვიეთნი იტყოდნენ იგი არაფერს გამოხატავს ნათლადო. მავანს სჯეროდა რომ იგი მეტად ნათლად გამოხატავდა ერთგვარს რასმე და მათთაგან ერთნი იტყოდნენ იქნებოდა იგი დიდი რომ არ ყოფილიყო ის ვინც ნათლად გამოხატავდა იმას რასაც გამოხატავდაო. ვიეთნი იტყოდნენ იგი ნათლად გამოხატავდა რასაც გამოხატავდაო და მათთაგან ერთნი იტყოდნენ სიდიადემ ბრძოლისა რაც არ გამოუხატავს ნათლად მისგან სრულიად დიდი ვინმე შექმნაო.
ვიეთნი იტყოდნენ იგი ნათლად გამოხატავდა თავისებურ ბრძოლასო. ვიეთნი იტყოდნენ ნათლად არ გამოხატავდა რასმე მებრძოლსო.
იგი ჭეშმარიტად ნათლად გამოხატავდა თავისებურს რასმეთ. ჭეშმარიტად ოდესმე ვინმე გაიგებდა ამასო. ბევრზე ბევრმა გაიგო ის, რომ იგი ნათლად გამოხატავდა იმას რასაც გამოხატავდა. იგი იყო დიდი. ყოველი გაიგებდა ამას. ბევრზე ბევრმა გაიგო ეს. მავანნი ვინც გაიგო რომ იგი იყო დიდი რომ იგი გამოხატავდა თავისებურს რასმე რომ იგი გამოხატავდა მებრძოლს რასმე. ჭეშმარიტად გამოხატავდა იგი მიწყივ მებრძოლს რასმე. ყოველს შეეძლო დარწმუნებულიყო რომ იგი გამოხატავდა მებრძოლს რასმე. მრავალთ ირწმუნეს რომ იგი დიდად გამოხატავდა ამას. მავანნი დარწმუნდნენ რომ იგი დიდად არ გამოხატავდა რასმე. ყოველი დარწმუნდებოდა რომ იგი იყო დიდი. ყოველი დარწმუნდებოდა რომ იგი ნათლად გამოხატავდა თავისებურ რასმეს.
მავანს ჭეშმარიტად სწადდა ჰქონოდა სურვილი ექმნა ის რასაც იქმოდა იგი ანუ ნათლად გამოეხატა თავისებური რამ. ჭეშმარიტად სწადდათ ყოფილიყვნენ თავადაც დიდნი. მავანნი არ ისწრაფოდნენ გამოეხატათ მებრძოლი რამ. ჭეშმარიტად იყო იგი ის ვინც არ გამოხატავდა მებრძოლს რასმე. იგი იყო დიდი. იგი ნათლად გამოხატავდა თავისებურს რასმე. მრავალთაგან მრავალს სწყუროდა ექმნა ის რასაც იქმოდა იგი ანუ ნათლად გამოეხატა თავისებური რამ. ბევრზე ბევრი იქმოდა იმას რასაც იქმოდა იგი, დიდად არ გამოხატავდა მებრძოლს რასმე. ბევრთაგან ბევრს სწყუროდა ექმნა იგივე რასაც იქმოდა იგი, არ გამოეხატა მებრძოლი რამ.
მრავალთაგან მრავალს სწყუროდა ექმნა ის რასაც იგი იქმოდა ანუ ყოფილიყო ის ვინც ნათლად გამოხატავს რასმე. იგი ჭეშმარიტად იყო დიდი, ყოველი ირწმუნებდა ამას. მრავალთაგან მრავალს სწყუროდა ყოფილიყო ის და ექმნა ის რასაც იგი იქმოდა და ნათლად გამოეხატა რამე და მრავალთაგან მრავალს არ სურდა ყოფილიყო ის და ექმნა ის რასაც იგი იქმოდა ანუ ნათლად გამოეხატა თავისებური რამ. მათ სურდათ გამოეხატათ რაღაც მიწყივ მებრძოლი, რაც იქნებოდა სულ სხვა რამ ისეთი რამ რაც ოდესმე ვინმეს გამოეხატა ნათლად და ეს იქნებოდა თავისებური რამ და სხვა რამ ისეთი რაც ნათლად გამოხატავდა რასმე; მაშინ მრავალთაგან მრავალი არ ისურვებდა ექმნა ის რასაც იგი იქმოდა და ნათლად გამოხატავდა თავისებურს რასმე და მავანი მათთაგანი ისურვებდა ექმნა ის და ყოფილიყო ის ვინც ნათლად გამოხატავს რასმე. მავანს სწყუროდა ექმნა იგივე რასაც იგი იქმოდა ანუ ნათლად გამოეხატა თავისებური რამ. მათთაგან იყვნენ ისეთნიც ვინც ჭეშმარიტად ნათლად გამოხატავდა რასმე რაც მასში იყო და სხვას არ უნდოდა მისი დანახვა. მათთაგან მავანი მთელი სიცოცხლე ისწრაფოდა გამოეხატა ნათლად თავისებური რამ და არაერთი გამოხატავდა ნათლად თავისებურს რასმეს.
იგი იყო ის ვისაც მრავალი იცნობდა და ესწრაფოდა მასთან შეხვედრას. მრავალნი უსმენდნენ მას სიხარულით. ზოგჯერ უსმენდნენ მრავალნი მას, ხშირად მიაპყრობდნენ ყურს მას. მავანნი მიაპყრობდნენ მას ყურს და იგი მაშინ ეტყოდა მათ რომ ჭეშმარიტად იყო იგი ის ვინც იტანჯებოდა როცა ცდილობდა დაერწმუნებინა თავი რომ ცდებოდა მაშინ როცა იქმოდა იმას რასაც იქმოდა და მერე დაიჯერებდა რომ ვერასოდეს დააჯერებდა თავს რომ ის რასაც იგი იქმოდა იყო მცდარი და მაშინ იგი იტანჯებოდა და იჯერებდა რომ იგი უნდა ყოფილიყო ის ვინც იქმს იმას რასაც იქმს და მარად იქნებოდა ის ვინც ეწამება და იქნებოდა ის ვინც მიწყივ იტანჯება. მერე ირწმუნა რომ იგი გამოხატავდა თავისებურს რასმე მებრძოლს და ჭეშმარიტად ირწმუნა ბევრმაც რომ იგი დიდად გამოხატავდა მებრძოლს რასმე. იგი მრავალს იცნობდა ისეთს ვინც უსმენდა მას და იგი ხშირად ეტყოდა მათ თავისი ტანჯვის ამბავს და ეს არ იყო დამაღონებელი რამ მათთვის ვინც უსმენდა მაშინ. ეს არ იყო მოსაბეზრებელი რამ სხვათათვის; მავანთათვის ფრიად საყურადღებო იყო და ისინიც უსმენდნენ მას კვლავ და კვლავ; მავანთათვის ეს იყო ამაღელვებელი რამ როცა უსმენდნენ მას კვლავ და კვლავ. მავანნი ვინც იცნობდა მას და იცოდა რომ იგი იყო დიდი იყო ის ვინც ნათლად გამოხატავდა თავისებურს რასმე მოუსმენდნენ რა ერთხელ როცა იტყოდა თავის ცხოვრებისას უსმენდნენ მას და იგი იტყოდა ამას კვლავ და კვლავ. მავანნი ვინც იცნობდა მას და სჯეროდა რომ იგი იყო ის ვინც ნათლად ამბობდა ამას იყო დიდი და არ უსმენდნენ მუდამ როცა საუბრობდა კვლავ და კვლავ და იტყოდა თავის ცხოვრებისას. მავანნი ჭეშმარიტად მიაპყრობდნენ მას ყურს; მავანნი ვინც ირწმუნა მისი სიდიადე ვინც ნათლად გამოხატავდა თავისებურს რასმე და გამოხატავდა დიდად მებრძოლს რასმე და კვლავ და კვლავ იტყოდა თავის ცხოვრებისას. იყვნენ მრავალთაგან მრავალნიც ვინც იცნობდა მას და სჯეროდა რომ იგი იყო დიდი და ნათლად ეტყოდა მათ რასმე აღარ უსმენდნენ როცა იტყოდა თავის ცხოვრებისას კვლავ და კვლავ.
იგი იყო ჭეშმარიტად დიდი. იგი იყო ჭეშმარიტად ის ვინც გამოხატავდა თავისებურს რასმე, რაც იყო მებრძოლი. მავანს სჯეროდა რომ იგი დიდად არ გამოხატავდა მებრძოლს რასმე. იყვნენ ბევრნიც ვინც არ უსმენდა მას კვლავ და კვლავ როცა ეტყოდა მათ ცხოვრებისას რასმე. მავანნი უსმენდნენ მას კვლავ და კვლავ როცა იტყოდა ცხოვრებისას.
მავანს ჭეშმარიტად სწყუროდა ექმნა ის რასაც იგი იქმოდა ანუ ყოფილიყო მისი მსგავსი ვინც ნათლად გამოხატავდა თავისებურს რასმე. მათთაგან იყვნენ მავანნი ვინც არ ისურვებდა ექმნა ის რასაც იგი იქმოდა ანუ ვინც ნათლად გამოხატავდა რასმე.
მავანს სწყუროდა ექმნა ის რასაც იგი იქმოდა ანუ ყოფილიყო მისი მსგავსი და ექმნა ის რასაც იგი იქმოდა ანუ ყოფილიყო ის ვინც ნათლად გამოხატავდა თავისებურს რასმე. ჭეშმარიტად იყო იგი ის ვინც იყო დიდი. ყოველი ირწმუნებდა ამას. ყოველი ირწმუნებდა ამას ბოლოს. იგი იყო ის ვინც ჭეშმარიტად გამოხატავდა თავისებურს რასმე. ყოველი ირწმუნებდა ამას ბოლოს. ყოველს შეეძლო დაეჯერებინა ეს. იგი იყო ის და მრავალსაც სრულიად სჯეროდა ეს ვინც ცხადად გამოხატავდა მებრძოლს რასმე. იგი იყო ის და მავანს სწამდა ეს, ვინც ნათლად არ გამოხატავდა მიწყივ მებრძოლს რასმე.
თარგმნა მერი ტიტვინიძემ
29 May 2009
გიორგი კაკაბაძე – გრიგოლ რობაქიძე და ნიკო ფიროსმანი
1916 წლის 10 ივლისს გაზეთ “სახალხო ფურცლის” სურათებიან დამატებაში დაიბეჭდა კარიკატურა. მასზე გამოსახული იყო ფეხშიშველი ნიკო ფიროსმანაშვილი, რომლის გვერდითაც იდგა გრიგოლ რობაქიძე და ეუბნებოდა:
“უნდა ისწავლო ძმობილო! შენს ხანში მყოფს კიდევ ბევრის შექმნა შეუძლია... ორფიულის... ერთი ათი-ოცი წლის შემდეგ კარგი მხატვარი გამოხვალ... აი, მაშინ გაგზავნით ახალგაზრდათა გამოფენაზე...”.
სხვადასხვა წყაროებიდან ვიცით, თუ როგორ გააღიზიანა ამ კარიკატურამ მხატვარი. მან ახლად ჩამოყალიბებულ “ქართველ მხატვართა საზოგადოებსთან” ყველანაირი კავშირი გაწყვიტა. თავისი მეგობრის, მხატვარ გიგო ზაზიაშვილის მეუღლეს კი დაუბარა:
“- ძალოჯან, მაშ გიგოსთან ორ სიტყვას დაგაბარებ. ესე უთხარი: შენ გენაცვალე გიგოჯან, როგორც იმ ხალხს ჩემი სახელი უჩვენე და გადამკიდე, ისე მომაშორე. მაგათი არც ქება-დიდება მინდა და არც არაფერი. გაზეთში გამომიშვეს, გამლანძღეს, კატად გამომხატეს. ბევრს რამეს, დიდ სასახლეებს მპირდებოდნენ... ერთად შევგროვდეთ, ერთად დავსხდეთ და “ზაკონებით” ვხატოთო... მაგრამ როგორც აქამდის მიხნავს და მითესავს, ისე უნდა ვხნა და ვთესო. თავის დღეში ბატონი არა მყოლია და არც მინდა. ძალოჯან, გიგოს შემახვეწე, ჩამომაშოროს ის ხალხი, ჩამომაშოროს, არაფერი მინდა მაგათი”1.
კიდევ ერთი საყურადღებო ცნობაა შემორჩენილი ვასო ჩაჩანიძის მოგონებაში “ვაჟა ფშაველა და ფიროსმანი”, რომელიც როგორც ჩანს უყურადღებოდ დაუტოვებია მაშინდელ ცენზურას. როგორც მონათხრობიდან ირკვევა, ჩაჩანიძეების ოჯახში დაუმშვიდებიათ კარიკატურის გამო შეწუხებული ნიკალა:
“ჩვენ ყველანი ვაიმედებდით, რომ იქნებ გრიგოლ რობაქიძემ ინამუსოს და დაგეხმაროსო”.
მაგრამ ისმის შეკითხვა, რა შუაშია საერთოდ გრიგოლ რობაქიძე?
რა როლი ეკისრება მას ფიროსმანის ბიოგრაფიაში?
მართალია 1922 წლის გაზეთ “ბახტრიონში” გამოქვეყნებულია საყურადღებო ინფორმაცია, რომელიც გვაუწყებს, თითქოს პირველი პუბლიკაცია ფიროსმანზე გრიგოლ რობაქიძეს ეკუთვნოდეს, მაგრამ ეს ინფორმაცია შეკითხვებს ბადებს. რამდენადაც ვიცით, პირველიცა და მეორე პუბლიკაციაც ფიროსმანის შესახებ ილია ზდანევიჩს ეკუთვნის, თუ არაფერს ვიტყვით უფრო ადრინდელ, რუსულ პრესაში გამოქვეყნებულ ნარკვევებზე და მიშელ ლე-დანტიუს მიერ ფრანგულ გაზეთში დაბეჭდილ სტატიაზე.
იქნებ ამ შემთხვევაში სიტყვა “პირველს” სრულიად სხვა მნიშვნელობა აქვს?
გაზეთ “ბახტრიონის” ამავე ნომერში დაბეჭდილია გრიგოლ რობაქიძის წერილი: “ნიკო ფიროსმან”, მაგრამ რობაქიძის ამაზე ადრინდელ წერილს ფიროსმანის მკვლევარებმა ვერ მიაგნეს.
მიუხედავად ამისა ასეთი წერილი არსებობს და იგი 1916 წლის 15 მაისის გაზეთ “კავკაზში” რუსულ ენაზე დაიბეჭდა. მას ხელს აწერს ვინმე გარრი გოლლენდი. ამ ფსევდონიმში ზმის პრინციპის მოშველიებით ადვილად იკითხება რობაქიძის სახელი “გარრი გოლენდი”. ამასთანავე არ შეიძლება არ გაგვახსენდეს, რომ ერთი პერიოდი გრიგოლ რობაქიძე გაზეთ “საქართველოში” გივი გოლენდის ფსევდონიმით ათავსებდა პუბლიკაციებს.
25 May 2009
ლევან ჭოღოშვილი – მეფეთა პორტრეტები
24 May 2009
ლევან ჭოღოშვილი–სერიიდან"განადგურებული ქართველი არისტოკრატია"

from the series "Destroyed Nobility",
1970 - 1990
paper, tempera
100 x 70 cm
1970 - 1990
paper, tempera
100 x 70 cm
ბმული: http://artist.to/georgianart
ოქტავიო პასი Octavio Paz

ოქტავიო პასი (1914 - 1998) - მექსიკელი პოეტი, ესეისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, მთარგნელი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1990).
პირველი პოეტური კრებული 1933 წელს გამოსცა, მუშაობდა მასწავლებლად, 1944 წელს ამერიკაში გაემგზავრა, მსახურობდა პარიზში - მექსიკის საელჩოს თანამშრომლად; დაუახლოვდა ანდრე ბრეტონს, ფრანგ სიურეალისტებს, იმოგზაურა ინდოეთსა და იაპონიაში. 1962-68 წლებში იყო მექსიკის ელჩი ინდოეთში, სწავლობდა ბუდიზმის ფილოსოფიასა და რელიგიურ პრაქტიკას; აირჩიეს მეხიკოს უმაღლესი სკოლის პროფესორად, კითხულობდა ლექციებს სტრუქტურულ ანთროპოლოგიაში. 1968 წელს დაითხოვეს დიპლომატიური სამსახურიდან - მეხიკოში, სტუდენტური მანიფესტაციების ჩახშობასთან დაკავშირებით პროტესტის გამოთქმის გამო; 70-იან წლებში ჰარვარდში კითხულობდა ლექციების კურსს XIX-XX საუკუნის ევროპული პოეზიის შესახებ. სიკვდილამდე ორი წლით ადრე სახლი დაეწვა, ცეცხლმა შთანთქა მისი წიგნებისა და ნახატების უმდიდრესი კოლექცია.
გამოცემული ჰქონდა პოეტური კრებულები: "სალამანდრა" - 1962, "დაბრუნება" - 1975, "ცეცხლი ჩვენი არსობისა" - 1989; ესეისტიკა: "მარტოობის ლაბირინთი" - 1950, "ცვლადი დენი" - 1967, "კაცთმოყვარე" - 1979, ავტობიოგრაფიული წიგნი "მარშრუტი" - 1993.

ოქტავიო პასი - ენა და აბსტრაქცია
უკვე მრავალი წელია რაც იმეორებენ, რომ აბსტრაქტულმა ფერწერამ თავის ზღვარს მიაღწია: იგი აღარ განვითარდება. მე ეს მოსაზრება უსამართლოდ მიმაჩნია: დიდი მხატვრული მიმდინარეობები რადიკალიზმით გამოირჩევიან, მუდმივი წინსვლით, ლტოლვით ზღვარს მიღმა, საზღვართ-საზღვართან შესახვედრად. და მაშინ გამოჩნდება ხოლმე ვიღაც, ვინც გადაუსწრებს ყველას, აღმოაჩენს სხვა თავისუფალ სივრცეს და და კვლავ კედელს მიადგება, რომელსაც უნდა გადაახტეს და ისევ ზღვარს მიღმა მიმართოს თავისი სრბოლა. უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. აბსტრაქციონიზმი ახალ აკადემიად იქცა? არა აქვს მნიშვნელობა: ნებისმიერი მოძრაობა სკოლად იქცევა, ნებისმიერი სტილი - "ხერხად". სამწუხაროა, როცა აკადემია ფინალს წარმოადგენს და არა საწყის წერტილს. ბაროკოსა და მანიერიზმის გიგანტები არ უარყოფდნენ თავიანთი წინამორბედების ხელოვნებას: ისინი მის უტრირებას ახდენდნენ, მის მიღმა იხედებოდნენ. იგივე შეიძლება ითქვას სიმბოლისტების პოეზიის შესახებაც: მან არ უარყო რომანტიზმი, მაგრამ სამაგიეროდ რეფლექსია შემატა მას, თვითშემეცნების მომენტი. და პირველი აბსტრაქციონისტების კლასიციზმისა და "აბსტრაქტული ექსპრესიონისტების" რომანტიზმის შემდეგ, შესამჩნევი გახდა მანიერიზმის, აბსტრაქტული ბაროკოს ნაკლებობა.
სინამდვილეში აბსტრაქტული ხელოვნება სტერილურობამდე შეიძლება იმ პრეტენზიის წყალობით მივიდეს, რომლის თანახმადაც იგი იზოლირებულ და თვითკმარ ენას წარმოადგენს. არადა იგი აბსოლუტურად სუბიექტურია - ამ ენას ხომ მხოლოდ და მხოლოდ მხატვარი ქმნის და იყენებს და მას არ გააჩნია ყველა ენისთვის დამახასიათებელი ელემენტი: ანუ არ შეუძლია ყველასთვის გასაგებ ნიშანთა და სიმბოლოთა სისტემად იქცეს. თუკი ყველა თავის ენაზე ლაპარაკობს, გაუგებრობა ისადგურებს, ანუ ენა კვდება; იწყება შიზოფრენიკების დიალოგი. საუკეთესო აბსტრაქციონისტმა მხატვრებმა რაღაც უნივერსალური ენის მაგვარი აღმოაჩინეს, დაუბრუნდნენ ზოგიერთ არქეტიპულ ფორმას, რომლებიც ადამიანური ყოფიერების ზოგად და არქაულ ძირებს ეკუთვნოდა. მაგრამ ენაა კი იგი? ალბათ უფრო წინარე ენა, ან, თუ გნებავთ, მეტაენა. აბსტრაქციონისტ მხატვრებს რაღაც საშუალო გამოსდით ბუტბუტსა და გამოცხადებას შორის. და თუმცა ისინი ვერ იტანენ გაგებას, კავშირს, ხშირად მაინც ამყარებენ კონტაქტს სხვა ადამიანებთან. პოეზიაში კი საპირისპიროდ ხდება: პოეტს სხვა გამოსავალი არ აქვს, მან სიტყვებით უნდა ისარგებლოს - თითოეულ მათგანს კი ყველასთვის გასაგები მნიშვნელობა აქვს - და მათი დახმარებით შექმნას ახალი ენა. ეს სიტყვები ენის, ანუ კომუნიკაციის საშუალების სტატუსითაც, სხვა რამეს აღნიშნავენ: კერძოდ იმას, რომ პოეზია აუცილებლად რაღაც აქამდე არარსებული, გაუგონარი, არგამოთქმული რამაა, ესაა ენა და მისი უარყოფა, ის, რაც "ზღვარს შორდება". აბსტრაქტულ ფერწერას სურდა წმინდა ფერწერული ენა ყოფილიყო, მაგრამ ამით იგი უარყოფდა ყოველი ენისთვის იმთავითვე დამახასიათებელ სისხლთა აღრევას: ისეთ ნიშანთა და ფორმათა გამოყენებას, ვისი მნიშვნელობებიც ყველასათვის საერთო იყო. ანუ, იგი ან ვერ მაღლდება ენამდე, ან სცილდება მის საზღვრებს და ერთ შემთხვევაში დუმილს შობს, მეორეში - კივილს: რისი ნათელი მაგალითებიც მონდრიანი და პოლოკი არიან. ჩვენს წინაშეა ცდა, რომელიც თავის თავში იმავე უარყოფას ატარებს, რასაც თავადვე აფუძნებს. შესაძლოა, სწორედ ამაში მდგომარეობს მისი სიდიადე: მხოლოდ ის, ვინც არ გაურბის თავის წინააღმდეგობრიობას და უკიდურესი გულახდილობით ააშკარავებს მას, გვაჩვენებს თავის ჭეშმარიტ, მუდამ ორპირ, არსებას. და ამ წინააღმდეგობრიობაზე დაყრდნობით, და არა მისი უარყოფით, შეეძლო აბსტრაქტულ ფერწერას დადგენილ საზღვრებს მიღმა წასულიყო - რეალიზებულიყო საკუთარი თავისვე უარყოფით.
თარგმნა
სანდრო სილაბიძემ
ოქტავიო პასი - ბუნება, აბსტრაქცია, დრო
"ბუნების ბაძვიდან - ბუნების ნგრევამდე" - ეს სახელი შეგვეძლო გვეწოდებინა დასავლური ხელოვნების ისტორიისთვის. პიკასო, თანამედროვე მხატვრებს შორის ყველაზე სიცოცხლისუნარიანი შემოქმედი, ალბათ ყველაზე ბრძენიც იყო: თუკი ვერ გავურბივართ ბუნებას - არადა, ამას ცდილობდა პიკასოს ბევრი მიმდევარი და თანამედროვე - ყოველ შემთხვევაში, შეგვიძლია დავამახინჯოთ, დავანგრიოთ მაინც იგი. თუმცა, არსებითად, საუბარია მისი განდიდების ახალ ფორმაზე. არაფერია ბუნებისთვის უფრო სასიამოვნო, ამბობდა სადი, ვიდრე დანაშაული, რომლითაც მის შეურაცხყოფას ვლამობთ. მასში ხომ შენება და ნგრევა ერთ მთლიანობას ქმნიან. რისხვა, სიამოვნება, ავადმყოფობა ან სიკვდილი არანაკლებ საშინელ (ან კომიკურ) სახეს ანიჭებენ ადამიანს, ვიდრე ის სიმახინჯე, დეფორმაციები და სტილიზაციები, რითაც პიკასოს აგზნებული გენია ტკბება.
ბუნებამ არ იცის ისტორია, მაგრამ მის ფორმებში ცხოვრობს წარსულის, აწმყოსა და მომავლის ყველა სტილი. ქაბულის ველზე ამოზიდულ კლდეებში გოთიკური სტილის დაბადება, აყვავება და დაისი დავინახე. ქვებით, წყალმცენარეებით, ქვეწარმავლებითა და მახინჯი მწერებით სავსე მომწვანო ტბორში ერთდროულად ანგკორის ბაიონი (1) და მაქს ერნსტის ეპოქა შევიცანი. ტეოტიუაკანის (2) შენობათა ფორმა და მდებარეობა მეხიკოს ველის ასლია. და იგივე პეიზაჟი შუნგას ფერწერას წინასწარმეტყველებს. მიკროსკოპით აღმოვაჩენ, რომ ზოგიერთ უჯრედში უკვე ჩადებულია ტიბეტური ტანკების ფორმულა. ტელესკოპი კი მაუწყებს, რომ ტამაიო (3) არამხოლოდ პოეტია, არამედ ასტრონომიც. თეთრი ღრუბლები ბერძნებისა და არაბების სიმღერებია. ვუცქერი მოჯადოებულ ვერცხლს - მინისებრი და სადაფისფერი ფენით დაფარულ ობსიდიანის ნატეხს და მონე მახსენდება მთელი თავისი "შთამომავლებით". შეუძლებელია არ აღიარო: ბუნება აბსტრაქციებში უფრო ამოიცნობა, ვიდრე თვალნათლივ გამოსახულებებში.
თანამედროვე, აბსტრაქტულ ფერწერაში ორმა მიმდინარეობამ იჩინა თავი: საფუძველთა ძიებამ (კანდინსკი, მონდრიანი) და ე.წ. ანგლოამერიკული ექსპრესიონისტების (4) ნატურალიზმმა. მოძრაობის ფუძემდებლებს სურდათ ბუნებიდან დაეწყოთ, წმინდა ფორმების სამყარო შეექმნათ ან ყველა ფორმა მათ პირველსაწყისზე დაეყვანათ. ინგლისელები და ამერიკელები არ ეძიებდნენ ბუნებაში შთაგონებას, მათ გადაწყვიტეს ბუნებასავით ემოქმედათ. მათთვის ფერწერა როგორც ჟესტი და აქტი - ორეულია, მეტ-ნაკლებად რიტუალური, ბუნებრივი მოვლენისა. ფერწერა მზის, წყლის, მარილის, ცეცხლის ან დროის საგნებზე ზემოქმედებას ჰგავს. და ფერწერაც, ისევე როგორც ბუნებრივი მოვლენა, გარკვეული სახის შემთხვევითობას წარმოადგენს: მთელ რიგ მოვლენათა მოულოდნელ შეტაკებას. ძალზე ხშირად შესანიშნავ შედეგს ვიღებთ ხოლმე: როცა ნახატები - ცოცხალი მატერიის ფრაგმენტები - თამამი სიშიშვლის ვნებით ანთებულ კოსმოსის ნატეხებს წარმოადგენენ. თუმცა, ასეთი ხელოვნება მთლიანი არაა, როგორც პოლოკის - ასეთ შემოქმედთა შორის ყველაზე ძლიერის - მაგალითი გვიჩვენებს. მის დიდ ტილოებს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული, ამიტომაც მათი ზომებისა და ენერგიის მიუხედავად, ისინი გიგანტურ ნატეხებს წარმოადგენენ და არა დასრულებულ სამყაროებს. ასეთი ფერწერა არ აკმაყოფილებს მთლიანობისკენ ჩვენს ლტოლვას - დიდი ხელოვნების უმთავრეს თვისებას. ეს მხოლოდ ფრაგმენტებია, მხოლოდ ბუტბუტი: უდიდესი სურვილი რაღაცის გამოთქმისა, მაგრამ ჯერ კიდევ არასრულფასოვანი მეტყველება.
აბსტრაქტული ფერწერა, იდეალისტური ან ნატურალისტური - ზედროითი ხელოვნებაა. ყოველგვარი არსისმიერისთვის ან ბუნებისთვის უცხოა ადამიანური ქრონოლოგია: ბუნების ელემენტებმა არ იციან თარიღები, ისევე როგორც იდეებმა. მე თანამედროვე ხელოვნების სხვა მიმდინარეობას ვამჯობინებ - იმას, რომელიც ცდილობს სწორედ ცვალებადობაში მოიხელთოს საზრისი. ეს დროითი ხელოვნება - საგნობრივი გამოსახვა, დამახინჯება, მეტამორფოზაა: მარაოს ერთ კიდეზე პიკასოა, მეორეზე კი - კლეე. ცენტრში - დიუშანი და დიდი სიურეალისტები. ჯერ არავის უსაუბრია აქამდე დროით და ზედროით ხელოვნებას შორის უხილავ დაპირისპირებაზე. პირიქით, მუდამ აბსტრაქციასა და საგნობრივ გამოსახულებას შორის მიდიოდა კამათი. იდეალისტურ აბსტრაქტულ ხელოვნებას უნდა ვუმადლოდეთ საუკუნის დასაწყისის ყველაზე თანამედროვე და სუფთა ქმნილებების არსებობას. არანაირი აუცილებლობა არაა შევეხოთ მას, ან გავიმეოროთ - ნატურალიზმმა და ექსპრესიონიზმმა დაძაბული და ძლიერი, მაგრამ ჰიბრიდული ნაწარმოებები მოგვცა. ჰიბრიდულობა - ბუნებრივი მოვლენისა (წმინდა ობიექტურობა) და ადამიანის ჟესტის (სუბიექტურობა, წინასწარგანზრახულობა) დაპირისპირების შედეგია. სხვაგვარადაც შეგვიძლია ვთქვათ: ამ ფერწერაში ერთმანეთს ერევა, მაგრამ არ ერწყმის, ორი განსხვავებული რეალობა - სურათის ცოცხალი მატერია (ენერგია და ინერცია) და მხატვრის რომანტიკული სუბიექტივიზმი. გმირული, მაგრამ ამავე დროს თეატრალური ფერწერა: გმირული საქციელი და წარმოდგენა. თავის მხრივ, დროითი ხელოვნებაც წამის გამყარებაა, რომელიც თავისი ალით აიტაცებს გარეგნულ სახეს და დაწვავს მას. დროითი ხელოვნება რეალობას აღწერს მაშინაც, როცა ანაწევრებს მას, როგორც ეს პიკასოსთან ხდება. გარეგნულია არამხოლოდ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ. ბრეტონი "შინაგან მოდელზე" საუბრობს და ამით გვახსენებს აჩრდილებს, რომლებითაც დასახლებულია ჩვენი ღამეები, იდუმალ ხატებას, რისი მეშვეობითაც სამყაროს "სხვაგვარობა" ვლინდება. ჯაკომეტიმ თქვა, რომ მხოლოდ ერთ რამეს ისურვებდა: ოდესმე დაეხატა ან გამოექანდაკებინა რეალური სახე.
ბრაკი არ ეძებს საგნის არსს: საგანი მასთან დროის გამჭვირვალე ნაკადში ერთვება. კირიკოს უკაცური საათები. კლეეს ხაზები, ფერები, ისრები და წრეები: მოძრაობისა და მეტამორფოზის პოემა. გარეგნული - სამყაროს შიფრია, ყოფიერების შიფრი. ასევეა ნაიარევი, დროის მიერ მიყენებული ჭრილობა: ეს წამია და წამები. ესაა ნიშანი, რომელიც მხოლოდ მიანიშნებს საგანზე, მაგრამ არასდროს არ ეხება მითითებულ და სასურველ საგანს.
მთავარია საზრისის, არსის ძიება, ან მათი ნგრევა (რაც ერთი და იგივეა: ჩვენ ვერსად გავექცევით საზრისს). ჩვენი დროის ერთადერთი უმნიშვნელო ხელოვნება რეალიზმია და არა იმდენად უფერულობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ცდილობს ბუნებრივი და სოციალური რეალობა აღწეროს, რეალობა, რომელმაც დაკარგა თავისი საზრისი. დროითი ხელოვნება საკუთარ თავს უპირისპირებს საზრისის ამ დაკარგვას და ამიტომაც, ძირითადად წარმოსახვის ხელოვნებად იქცევა. ამ თვალსაზრისით დადაიზმი ნიმუში იყო (და მართლაც შეუდარებელი ნიმუში, მიუხედავად იმისა, რომ იგი ცდილობდა კომერციული მიზნებით გამეორებულიყო ნიუ-იორკში): დადაისტური ხელოვნება არამხოლოდ უ-მნიშვნელობისა და უშინაარსობის პირისრპირ დადგა, არამედ უ-მნიშვნელობიდან ინტელექტუალური მსხვრევის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი შექმნა. სიურეალიზმი მნიშვნელობას წამის ვნებიან მაგნეტიზმში ეძებდა: სიყვარულსა და შთაგონებაში. აქ გადამწყვეტი იქნება სიტყვა "შეტაკება". რა დარჩა ყველაფერ ამიდან? რამდენიმე სურათი და ლექსი: ცოცხალი დროის მტევანი. ეს სრულიად საკმარისია. საზრისი ხომ მაინც სხვაგანაა, სადღაც იქ, მიღმა.
დროითი ხელოვნება გარეგნულ ხატსა და მის ნგრევას შორის მერყეობს, მნიშვნელობასა და უ-მნიშვნელობას შორის. მაგრამ ჩვენ ერთიან ხელოვნებას ვესწრფით. არა ტოტალურ, როგორც რომანტიკოსებს სურდათ, არამედ ტოტალობის ხელოვნებას. გვაქვს კი დღეს ასეთი რამ?
თარგმნა
მალხაზ ხარბედიამ
(1) ბაიონი - ტაძარი, ანგკორის ერთ-ერთი ცენტრალური ნაგებობა; ტაძრების, სასახლეების, წყალსაცავებისა და არხების გრანდიოზული კომპლექსის ნაწილი ქ.სიემ-რეაპას (კამბოჯა) მახლობლად.
(2) ქალაქი, ცენტრალური მექსიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კოლუმბამდელი ცივილიზაცია, ჩამოყალიბდა ჩვ.წ. I ათასწლეულში.
(3) რუფინო ტამაიო (დაბ.1900) - მექსიკელი ფერმწერი. (4) მე არ მომწონს ტერმინი "ექსპრესიონიზმი" აბსტრაქტუულ ფერწერასთან მიმართებაში; აბსტრაქციასა და ექსპრესიონიზმს შორის წინააღმდეგობაა. ასევე შეცდომაში შევყავართ ცნებას "აბსტრაქტული ფერწერა". უკვე ბენჟამენ პერე აღნიშნავდა, რომ ხელოვნება ყოველთვის კონკრეტულია და თავისებურებებით ხასიათდება (ავტორის შენიშვნა).

23 May 2009
ბორის გროისი –რა არის თანამედროვე ხელოვნება
როცა ჭვრეტის, დაკვირვების შესახებ ვსაუბრობთ, - ისევ დიუშანისა და ვიტგენშტაინის ტრადიციის კვალად - ვფიქრობთ, რომ ობიექტს არაფერი მოსდის, როცა მას ვუყურებთ. ეს ვიტგენშტაინი ამბობდა, რომ ჭვრეტა ყველაფერს თავის ადგილზე ტოვებს (ისევე როგორც ფილოსოფია). თეორია ყველაფერს თავის ადგილზე ტოვებს. ხელები ცვლიან საგანს, მაგრამ თეორეტიკული მზერა არ ცვლის მის სტრუქტურას. სწორედ ეს წანამძღვარია მთელი ამ დისკურსის საფუძველი, იმიტომ, რომ გიჩნდება სურვილი, იკითხო: როგორაა მოწყობილი ჭვრეტა? როგორ ოპერირებს? ამის საპასუხოდ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ვაკვირდებით საგნებს. მუზეუმები, მაგალითად, ასეთი ადგილია და შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ მუზეუმი არ ცვლის ხელოვნების ნაწარმოებს? ერთი შეხედვით, კი. მაგრამ მეორე მხრივ, არა. მაგალითად, როცა მუზეუმში შედიხართ, რაღაც ობიექტებს ხედავთ - ქანდაკებებს, ნახატებს. პირველი, რასაც მუზეუმში აწყდებით, გარკვეული სახის ტერორია. ვთქვათ, "არ გადააფურთხოთ" და საერთოდაც, "კულტურულად" მოიქეცით, ხელი არ ახლო ნახატს, არ ჩამოგლიჯო კედლიდან, არ გადმოაბრუნო, არ დაფლითო. ანუ ხელოვნება გარკვეული ოპერაციების ტაბუირებით იწყება, თანაც სწორედ იმ ოპერაციების აკრძალვით, რომელსაც შემდგომ შესწავლამდე, ობიექტის კვლევამდე მივყავართ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ობიექტის გამოფენილობას მისი ჭვრეტის შეუძლებლობა მოჰყვება. მხოლოდ მაშინ გვაქვს ობიექტის დანახვის შესაძლებლობა, როცა ამ ობიექტის ნაწილს გამოვრიცხავთ ჭვრეტის ზონიდან. მისი დანახვა შეუძლებელია, აკრძალულია. ჩვენ, შეიძლება ითქვას, ყოფითობის რუხ, შუალედურ ზონაში ვცხოვრობთ. როცა ობიექტს ჭვრეტის სივრცეში ვათავსებთ, იგი შავ და თეთრ ნაწილებად იყოფა. ობიექტის ნაწილს ყურადღებით ვათვალიერებთ, მაგრამ ამას სხვა ნაწილის ხარჯზე ვაკეთებთ, იგი რადიკალურად ქრება მხედველობის არიდან. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ მუზეალიზაციის, საგნის გამოფენილობის საფუძველში რაღაც ტრავმა ძევს. ობიექტი ტრავმატიზირდება, იგი შიგნიდან იპობა ორ ნაწილად - იმად, რასაც ხედავ და რაც პრინციპულად არ ჩანს. გგონია, რომ ობიექტს არაფერი მოსდის, მაგრამ ჭვრეტის პირობები მის ფუნდამენტურ ტრანსფორმირებას იწვევს. იპობა იგი მედიალურ ნაწილად, მხარედ, რომელიც ჩვენ რაღაცას გვაუწყებს, ჩანს მხარედ, რომელსაც ამ მედიალობის მატარებელი შეიძლება ვუწოდოთ. იგი დაფარულია ჩვენგან. ობიექტის შინაგანი "განხეთქილების" დანახვის ამ შეუძლებლობას, ჰაიდეგერის კვალად, ონტო-მედიალურ დიფერენციაციას ვუწოდებ. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია დავახასიათოთ ხელოვნების დაბადების პროცესი, როგორც ტაბუირების პროცესი, როგორც აკრძალვა, ფრუსტრირება და ბლოკირება... თუნდაც ჩვენი სურვილების ბლოკირება. თუკი ყოველი ცალკეული ობიექტი ტაბუირების პროდუქტს წარმოადგენს, თანაც ისეთ პროდუქტს, რომელიც ფუნდამენტურად ამახინჯებს ამ ობიექტს, მაშინ ადვილი დასაშვებია, რომ ხელოვნების განვითარება თანამედროვე ეპოქაში კი არ არღვევს ტაბუს, არამედ მის პროდუცირებას ახდენს. არსებობს მცდარი აზრი, რომ XIX-XX საუკუნეების ხელოვნება სულ უფრო წინ მიიწევს, ანგრევს არსებულ ნორმებს, აღმოაჩენს ახალ სივრცეებს, მაგრამ ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან. სინამდვილეში XX საუკუნის ხელოვნება ტაბუსა და აკრძალვების გამუდმებული წარმოებითაა დაკავებული. ნებისმიერი ავანგარდის საერთო ფორმაა: "ასე ცხოვრება აღარ შეიძლება". თანაც ეს აკრძალვა აბსოლუტურად ირაციონალურია. ცხადია, რომ ყველაფერი დასაშვებია. ეს აბსურდული სიტყვებია და თვითტაბუირების აქტს წარმოადგენს, რომელსაც არანაირი ბაზა არ გააჩნია, გარდა წმინდა ესთეტიკურისა. თუკი მალევიჩივით ვიტყვი: "ასე ცხოვრება აღარ შეიძლება" და ვეღარ დავხატავ "ვენერათა უკანალებს" და "მწვანე ბაღნარებს", იმიტომ, რომ ამის ყურება აღარ შეიძლება - მაშინ შავი კვადრატი შესაძლებლობის საზღვრებიდან გამოსავალი კი არა, ამ შესაძლებლობის გაქრობის ნიშანი იქნება. სინამდვილეში კი, რა თქმა უნდა, ადამიანს ვენერას უკანალის დახატვა სურს, მალევიჩსაც უნდოდა. იგი ამბობდა, რომ იგი იბრძვის გულახდილობის წინააღმდეგ ადამიანსა და შემოქმედში. ჩვენ მხატვრები მაშინ ვართ, როცა საკუთარი გემოვნების საპირისპიროდ ვიქცევით, როცა საკუთარი თავის ფრუსტრაციას ვახდენთ, ანუ როცა ასკეტურ პრაქტიკას ვახორციელებთ. XX საუკუნის ავანგარდის პრაქტიკას ხელოვნებაზე ტაბუს დადების პრაქტიკა შეიძლება ეწოდოს. პირველ ეტაპზე მე ხელოვნების პრაქტიკის ტაბუირებას ვახდენ, ვაუქმებ გარკვეულ ობიექტებს და მათ ჭვრეტის წმინდა საგნებად ვაქცევ, შემდეგ ეტაპზე კი ამ პრაქტიკის თავისთავადობას ვაცნობიერებ და მასაც ვკრძალავ, როგორც პრაქტიკას. ამგვარად, ავანგარდული ხელოვნება თავად ხელოვნების, როგორც კიდევ ერთი რეალური პრაქტიკის ტაბუირებას და აკრძალვას წარმოადგენს და ამის მიხედვით ხელოვნება ერთი აკრძალვიდან მეორისკენ მიდის, ერთი ფრუსტრაციიდან მეორესკენ, ერთი შეუძლებლობიდან მეორისკენ, თანაც ყველა ამ აკრძალვებსა და ფრუსტრაციებს არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ ცხოვრებაში. მათ მხოლოდ ხელოვნებაში აქვთ ეს საფუძველი.
22 May 2009
Subscribe to:
Posts (Atom)