Tangled Alphabets: León Ferrari and Mira Schendel, at MoMA through June 15, includes the above example of what Ms. Schendel called Graphic Objects. (Museum of Modern Art)
ცნება "პოსტმოდერნი" ამჟამად უფრო ნაკლებად პოპულარულია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, როდესაც ის ზედმეტად პოპულარულიც კი იყო (რითაც, სხვათა შორის, აიხსნება მისი პოპულარულობის კლება დღეს). თუმცა, როგორც ფილოსოფიურ ცნებას, თავისი დანიშნულება სულაც არ დაუკარგავს _ შეუცვლელი რჩება აქტუალური ხელოვნების, მისი არსებობისა და აღქმის თავისებურებების გაგებისთვის. ფილოსოფიური გაგებით პოსტმოდერნიზმი გულისხმობს მოდერნულობის განსაზღვრული, მაკონსტრუირებელი ნიშნების დესტრუქციის პროცედურას. თანაც, ერთ-ერთი ასეთი ნიშანი, და როგორც წარმომიდგენია ყველაზე ზოგადი და სახასიათო, არის პროგრესის რწმენა. "მოდერნულობის" ცნებას ეს რწმენა ანიჭებს მისთვის დღემდე დამახასიათებელ ნორმატიულობას, რომლის თანახმად, ყველაფერი უფრო თანამედროვე ხდება უფრო ღირებულიც, თუკი ყველაფერი ის, რაც დროის შკალაზე გვიან თავსდება, ერთდროულად აღმოჩნდება ახლოს სრულყოფილების ტელოს'-თან, რომლისკენაც მიმართულია თავად დროის დინებაც. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვცადოთ მოდერნულობა განვსაზღვროთ როგორც ეპოქა, რომლის ბაზისეული ღირებულება არის ყოფნა თანამედროვედ. თუმცა, ისტორიული პროგრესის, მოდერნულობის ამ მთავარი ღერძის, რწმენა ჩვენს დროში დაკარგულია. ფილოსოფოსებისა და ისტორიკოსების თეორიული მსჯელობების მსგავსად, თანამედროვე მსოფლიოს ფაქტობრივი სოციალურ-პოლიტიკური წყობა ამ რწმენას ყოველგვარ საფუძველს აცლის. საუბარია არა მხოლოდ, შეასაძლოა, არც მოდერნულობის კონცეპტის თეორიულ დისკრედიტაციაზე, ანუ, არა იდეოლოგიისა და "მეტანარაციის" დასასრულზე, არა იმაზე, რომ ფილოსოფიამ უარი თქვა ისეთ დიდ სისტემებზე როგორიცაა ჰეგელიანობა, მარქსიზმი, პოზიტივიზმი და ა.შ. პირველ რიგში, საუბარია ისტორიულ-პოლიტიკური ცვლილებების ერთობლიობაზე: დასავლური იმპერიალიზმის დამხობით, ისტორია, რომელიც თავისთავად, შესაძლოა არის დასავლური "გამოგონება", უკვე წარმოუდგენელია როგორც ერთიანი პროცესი, მაშასადამე, სოლიდარული, საყოველთაო მოძრაობა პროგრესის გზაზე. სიტუაციაში, როდესაც აღარ არსებობს არანაირი "ცენტრალური" ხელისუფლება _ იქნება ეს ლუთერამდელი კათოლიკური ეკლესია, წმინდა რომის იმპერია თუ, როგორც ახლო წარსულში, ე.წ. "ცივილიზებული მსოფლიო", თავს რომ თვლიდა კაცობრიობის უმაღლეს მიღწევად და პრეტენზიას აცხადებდა "ცივილიზებული" გაეხადა დანარჩენი მსოფლიო _ საუბარი ისტორიის შესახებ, როგორც ერთიან პროცესზე, პროგრესულ პროცესზე და, შესაბამისად, ნორმატიული ღირებულებითი კრიტერიუმების მომცემზე უკვე შეუძლებელია.
პოსტმოდერნულობის გაგება ნიშნავს გაანალიზდეს ამ ეპოქალური ძვრის შესაკრებები ისტორიის გაგებაში, რომლის არსიც შესაძლებელია აღინიშნოს _ აუცილებელი არ არის ყველაფერში დავეთანხმოთ ფუკუიამას _ როგორც "ისტორიის დასასრული". ერთ-ერთი ასეთი შესაკრებთაგანია _ პლურალიზმის აფეთქება. ამ სრულიად უწყინარი სიტყვის _ პლურალიზმის _ მიღმა დგას უკიდურესად შემაშფოთებელი მოვლენა. სინამდვილეში, პროგრესის რწმენა, ის, რომ ისტორიის მსვლელობა არის ემანსიპაციის პროცესი, იყო _ ყოველ შემთხვევაში, ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე _ მოდერნული მენტალობის ერთადერთი გამაერთიანებელი ღირებულება, მისი, ასე ვთქვათ, "რეალურობის პრინციპი". თუკი ეს რწმენა დისკრედიტირებულია, თავად რეალობა, როგორც ასეთი, კარგავს აზრს: პოსტმოდერნული აღქმით რეალობა არ არის რაღაც ობიექტური და გარდაუვალი. და ეს მხოლოდ პროგრესის რწმენის დაკარგვასთან არ არის დაკავშირებული. არანაკლებ როლს ასრულებს ჩვენი სოციალური ცხოვრების "მედიატიზაცია". მასმედიას, რომელიც ასე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს რეალობის ჩვენეულ აღქმას, სულაც არ გამოუწვევია ჩვენი მსოფლმხედველობის ტოტალიტარული ჰომოლოგიზაცია, პირიქით _ მასმედიამ შეხედულებების პლურალიზმის აფეთქების პროვოცირება მოახდინა. არა მხოლოდ განათლებულ ელიტას ესმის, რომ მედია განიცდის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ ზეწოლას. ყველამ იცის, რომ "ტელევიზია ცრუობს". ეს კი, ჩემის აზრით, ნიშნავს, რომ თავად ეს სისტემა თავს თვლის არა სამყაროს ობიექტურ ასახვად, არამედ მრავალი შეხედულებისა და აზრის ერთობლიობად. ყველაფერ ამას, ისტორიის რწმენის დაკარგვასთან შეხვედრისას, შედეგად აქვს რეალობის გრძნობის დაკარგვა.აქედან მომდინარეობს ის, რასაც ზოგი ავტორი უწოდებს ცხოვრების ესთეტიზაციის ფენომენს პოსტმოდერნულ ეპოქაში; "რეალობის შესუსტების"** საფუძველში _ შეხედულებების გულახდილი პლურალიზმი. "ადამიანი პოეტურად ცხოვრობს ამ მიწაზე" _ ამბობს ჰოლდერლინი ლექსში, რასაც ხშირად იმოწმებს ჰაიდეგერი. მაგრამ კორექტული იქნება ესთეტიკური კატეგორიის გამოყენება ამ ურთულესი ფენომენის _ პოსტმოდერნული არსებობის აღწერისას? მე ვფიქრობ, რომ დიახ, ყოველ შემთხვევაში, იმ ხარისხით, როგორც ჩვენ ვიზიარებთ კანტიდან მომავალ და შემდეგ კირკეგორის მიერ გამყარებულ გააზრებას ესთეტიკური გამოცდილებისა, ესთეტიკური აღქმისა, როგორც "ნეიტრალური" გამოცდილებისა ჭეშმარიტებასთან შეფარდებით, სამყაროს ობიექტურ რეალობასთან შეფარდებით. ამ კავშირში მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ "ესთეტიზაციის" ცნების გამოყენება მოდერნული "რეალობის საზრისის" დაშლის დასახასიათებლად, გულისხმობს ესთეტიკური აღქმისა და პლურალიზმის კავშირს. ესთეტიკური მომენტი, რაც საშუალებას იძლევა ცხოვრების პოსტმოდერნულ ტრანსფორმირებას ეწოდოს "ესთეტიზაცია", ავლენს თავს სწორედ სტილთა პლურალიზაციასა და გამრავლებაში: როგორც მხატვრული სტილების, ასევე ცხოვრების სტილების. ჯერჯერობით არსებობს რეალობის ერთი უმთავრესი გაგება _ ესთეტიკური აღქმის საყოველთაოდ მიღებული უნივერსალური "მეტაფორების სიტემა", როგორც ნიცშე იტყოდა _ ალტერნატიული მეტაფორების პლურალიზმი შეზღუდულია პოეზიის სფეროთი. მაგრამ დღეს, ამ ნორმის დაშლასთან ერთად, თავად სხვაობა "რეალობასა" და "ესთეტიკურ წრმოსახვას" შორის ქრება. ამგვარად გაგებულ ესთეტიზაციას რა კავშირი აქვს საკუთრივ ესთეტიკურ გამოცდილებასთან _ ხელოვნებასთან, ხელოვნების მოხმარებასთან, მხატვრულ კრიტიკასთან და ა.შ.? მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ამჟამად, აქტუალური ხელოვნების სამყაროსთვის დამახასიათებელი საერთო დისკომფორტის მდგომარეობა, კრიზისის განცდა, მნიშვნელოვან წილად სწორედ ესთეტიზაციის ამ ფენომენთან არის დაკავშირებული. ხელოვნებამ და ესთეტიკურმა აღქმამ, დაკარგეს საზღვრები _ ის, რაც მათ სუფთა წარმოსახვის სამყაროს საზღვრებში აკავებდა _ დაკარგეს თავიანთი "განსაზღვრებაც". ამ განსაზღვრულობის დაკარგვის ნიშნები ნათლად ჩანს უკვე საუკუნის დასაწყისის ისტორიულ ავანგარდში, მის უარის თქმაში შეასრულოს ხელოვნების ტრადიციული "ფუნქციები" და იარსებოს მისი ინსტიტუტების ჩარჩოებში. ამ გასაღებით შეიძლება გავიაზროთ ექსპრესიონისტების პოლიტიკური ანგაჟირებულობა და "დე სტილისა" და "ბაუჰაუზის" სოციალური მოღვაწეობა. ავანგარდის საფუძველში _ მეტ-ნაკლებად გულახდილად დეკლარირებული გაცნობიერება იმისა, რომ მოსაზრებებისა და პლურალიზმის გამოთავისუფლების შედეგად საზღვრები "ესთეტიკურსა" და "რეალურს" შორის იშლება. ავანგარდის წარმომადგენლების ინტერესი აფრიკული ხელოვნებისა და "სხვა" კულტურებისადმი გამოწვეული იყო არა მარტო საკუთარი ენის ფორმალური განახლების მოთხოვნით; ეს ინტერესი ასევე იყო ხარისხში განსხვავებული და მრავალრიცხოვანი თავად ესთეტიკური გამოცდილების არსის თავისუფლების დამკვიდრების ფორმა. მგონია, რომ ამაშივე მდგომარეობს ცხოვრების პოსტმოდერნული ესთეტიზაციის საზრისი: პლურალიზმი (მხატვრული სტილებისა და ცხოვრების სტილების) აღარ არის შევიწროებული რეალობის და წარმოსახვის მკაცრი გამიჯვნით. ამგვარად, ერთის მხრივ, ისტორია სულ უფრო გარდაისახება ესთეტიკად; სამყაროები და პიროვნებები, რომელთაც ისტორიკოსები შეისწავლიან, სულ უფრო ნაკლებად განსხვავდებიან რომანების სამყაროებისა და პერსონაჟებისგან. მეორეს მხრივ, თავად ესთეტიკური აღქმა ხდება სულ უფრო "ისტორიული", თუნდაც იმ აზრით, რომ მსჯელობა ხელოვნების ნაწარმოებზე აღარ მომდინარეობს რაღაც წინასწარდადგენილი ფორმალური კანონიდან (რომელიც გულისხმობს მეტაფორების დომინირებული სისტემის არსებობას), პირიქით, მხატვრულ ნაწარმოებს უყურებენ როგორც რაღაც სამყაროს რეპრეზენტაციას, შესაძლო "ცხოვრების ფორმას". ნუ დავივიწყებთ, რომ დილთეი ესთეტიკურ გამოცდილებას (ისტორიული გამოცდილების ანალოგიურად) განიხილავდა როგორც სხვა ცხოვრების წარმოსახვაში ბინადრობის ხერხს, რომელზეც უარის თქმას გვაიძულებს ყოველდღიურობის რუტინა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საუბარია იმაზე, რომ პოსტმოდერნულობა _ ბევრ რამეში გამოცნობილი და წინასწარ გაფრთხილებული საუკუნის დასაწყისის ხელოვნების და კულტურის მთელი რიგი ნიშნებით _ ფორმალური სრულყოფილების ტრადიციულ წარმოდგენაზე უარის თქმით, ესთეტიკური აღქმის არსს ცვლის, ხელახლა განსაზღვრავს მას პლურალიზმის ცნებებში. სიამოვნება, რომელსაც განვიცდით ხელოვნების ნაწარმოების ჭვრეტისას, აღარ უკავშირდება რაღაც დაუსრულებლობის განცდას. სიამოვნების ამგვარ ტიპს ბრეხტმა უწოდა "გასტრონომიული" და დაუპირისპირა მას ეპიკური თეატრის მსეული იდეა. ყველაფერი ეს, თუნდაც სახვაგვარი ფორმულირებით (ბრეხტისეული პოლიტიზირებულობის გარეშე) ახასიათებს მთელს ავანგარდს, ისევე როგორც აქტუალურ მხატვრულ პრაქტიკას. ხელოვნება მაინც ვერ შეურიგდა რეალობას, მათ შორის როგორც დასრულებული და სრულყოფილი ფორმის მხატვრული ნაწარმოების რეალობას, პირდაპირ საწინააღმდეგოდ _ ის მიუსაფრობის, უსახლკარობის, უნჰეიმცჰკეიტ მდგომარეობის პროდუცირებას ახდენს. დისკომფორტი, რასაც განიცდიდნენ ჯოისის "ულისესა" და "ფინეგანის ქელეხის" პირველი მკითხველები და დიუშანის "შადრევნის" პირველი მნახველები და ა.შ., სულაც არ იყო განპირობებული ამ ნაწარმოებების მხოლოდ დროთა განმავლობაში შესუსტებული "სიახლით". სინამდვილეში ეს დისკომფორტი ესთეტიკური აღქმის იმ ცვლილებების პირველი გამოვლინება იყო, რომლებმაც შემდეგი ათწლეულების მანძილზე მიიღეს ტოტალური ხასიათი. მართლაც, ადვილად შეიძლებოდა ჩვენება, რომ მხატვრული ნაწარმოების ხარისხის შეფასების ჩვეულ კრიტერიუმებს უკვე არანაირი კავშირი არ აქვს მისი ფორმის სრულყოფილებასთან და რომ პირიქით, ისინი დაკავშირებულია ხელოვნების ნაწარმოების უნართან _ არა ნაკლებ გახსნილი ხელოვნების სამყაროსადმი, ვიდრე ყოველდღიური ცხოვრების სამყაროსთან _ ჩასახოს, გამოიწვიოს ჩვენში მრავალი მოგონება, ალუზია, ასოციაცია, მინიშნება, კავშირი. საკმარისია გავიხსენოთ ელიოტის და პაუნდის პოეზია, კეიჯის მუსიკა ან ფელინის ფილმები. არც ერთ ამ პარადიგმატულ შემთხვევას არ ესადაგება არისტოტელეს "პოეტიკის" ან ჰეგელის "ესთეტიკის" კრიტერიუმები. მაგრამ, როგორ აისახება ეს ყველაფერი ყოველდღიურ ცხოვრებასა და ხელოვნების აღქმას შორის ურთიერთობაზე? დიფუზური ესტეტიზაციის სამყაროში აქვს თუ არა ჯერ კიდევ რაიმე აზრი "ხელოვნების ნაწარმოების" ფენომენს? ხომ არ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ დღევანდელობის ჭეშმარიტი ესთეტიკური გამოცდილება საბოლოო ჯამში აღმოჩნდება შებოჭილი საზოგადოებრივი ცხოვრების სანახაობითი ფორმებით, შოუ-ბიზნესით, მასმედიით, როკ-მუსიკით, რეკლამითაც კი და რომ ხელოვნების ტრადიციულ ფორმებს ელის სულ უფრო მეტი მარგინალიზაცია თითქმის სრულ გაქრობამდე? არ ვფიქრობ, რომ "ხელოვნების სიკვდილი" მართლაც გარდაუვალია. პირიქით, კოდებისა და სტილების პლურალიზაციის მიუხედავად, სწორედ მასმედიას პროდუქციის ესთეტიკა ჯერ კიდევ უმაღლესი ხარისხით არის "კლასიკური" ესთეტიკა. ამგვარად, თუკი დღეს სადმე შეიძლება შეგვხვდეს ბერძნული ქანდაკების სრულყოფილების ნიმუშები _ ჰეგელიანური ესტეტიკის ეს უმაღლესი ორიენტირი _ განსაკუთრებით ფოტო და ტელე რეკლამაში. თუკი სიტყვაში კიტჩი ჯერ კიდევ არის რაიმე აზრი, მაშინ დღეს ამ სიტყვით განისაზღვრება ნაწარმოები, რომელსაც პრეტენზია აქვს კლასიკურობის, სრულყოფილების იდეალის შესატყვისობაზე. ამიტომაც, მომავალში რაც არ უნდა მოიტანოს ყოველდღიური ცხოვრების ესთეტიზაციამ, უნდა ვაღიაროთ, რომ "ტრადიციული" ხელოვნებები ჯერ კიდევ ასრულებენ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას: სწორედ მათ შეუძლიათ ლოგიკურ ზღვრამდე მიიყვანონ პოსტმოდერნული პლურალიზმი, ასეთი სახით რევანში აიღონ მასობრივ ხელოვნებაზე, რომელიც ჯერ კიდევ მისტირის სრულყოფილების კლასიკურ იდეალს... ტრადიციული ხელოვნების ნიმუშები მედიის პროდუქციისგან განსხვავდებიან არა იმით, რომ მათში მეტია ფორმა, მეტია სტრუქტურულობა, პირიქით, ისინი ნაკლებად სრულყოფილია, მათში ნაკლებია დასრულებულობა, ნაკლებია კლასიკური ნიშნები, ისინი ნაკლებად დამაკმაყოფილებელია "გასტრონომიული" აზრით. სწორედ იმის გამო, რომ ისინი არ არიან შებოჭილნი საქონლის რეკლამირების აუცილებლობით, მათში შეიძლება უფრო მეტად მოხდეს, მოდერნული ეპოქის დასასრულის მანიშნებელი, რეალობის საზრისის დაშლის გამოცდილების რეალიზირება. ამ ტექსტის ამოცანას არ შეადგენს პოსტმოდერნული ესთეტიკის ყველა ასპექტის აღწერა, მისი მიზანია _ მხოლოდ გამოავლინოს ამ ესთეტიკის გარკვეული შედეგები ისეთი სპეციფიკური სფეროსთვის, როგორიცაა მუზეუმი. გარკვეული აზრით, ჩემს მიერ ზემოთ შემოთავაზებული პოსტმოდერნული ესთეტიკის ჩანახატი, ამავდროულად, შეიძლება განვიხილოთ როგორც მუზეუმმცოდნეობითი თეორია. თუკი, მხატვრული ნაწარმოების "გასტრონომიული" კონცეფცია _ როგორც ობიექტი, რომლის ღირებულება განისაზღვრება მისი ფორმის სრულყოფილებით _ არსებითად ორიენტირებული იყო ხელოვნების პრივატულ მოხმარებაზე, მაშინ, პოსტმოდენულობისთვის დამახასიათებელი ესთეტიკური აღქმის პლურალისტულობა და "ისტორიულობა", მოითხოვს, როგორც ჩანს, ხელოვნების განსაზღვრას "საჯაროს" ტერმინებში... თუკი დღეს ესთეტიკური აღქმა თავისი არსით არის ცხოვრების მრავალრიცხოვანი შესაძლო სამყაროსა და ფორმის აღქმა, ესთეტიკური აღქმის იდეალური სუბიექტი სხვა არავინ იქნება, თუ არა მუზეუმის დამთვალიერებელი. შესაძლოა, ბევრი პრობლემა, რაც დაკავშირებულია საჯარო ინსტიტუტების პრობლემასთან (მათ შორის მათიც, რომელთა დაფინანსების წყაროც კერძო კაპიტალია), განპირობებულია იმით, რომ მათ მიმართ განაგრძობენ "ტრადიციული" ესთეტიკის ლოგიკის, პრივატული მოხმარების (ან, ბრეხტის სიტყვებით რომ ვთქვათ, გასტრონომიული) ლოგიკის გამოყენებას. თუმცა, ჩვენ ჯერ არ ვიცნობთ, ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, პოსტმოდერნული ესთეტიკური აღქმის "ლოგიკას." მაგრამ შეიძლება შევეცადოთ შევიმუშაოთ ის რომელიმე ერთ მაგალითზე, თუნდაც მუზეუმებისა და საჯარო ინსტიტუტების მაგალითზე. დასაწყისისთვის მივმართოთ სიტუაციას, რომელიც შეიძლება განისაზღვროს როგორც "საზოგადოებრივი ესთეტიკური არჩევანი". ვისი გადასაწყვეტია, ხელოვნების რომელ ტიპს უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი ფინანსური მხარდაჭერა? ვინ ირჩევს თანამედროვე ხელოვნების ნაწარმოებებს საჯარო მუზეუმებისთვის შესყიდვის დროს? სინამდვილეში, თანამედროვე საზოგადოებრივი ინსტიტუტები, დღემდე თავიანთ მოღვაწეობაში, მეტ-ნაკლებად გულახდილად ხელმძღვანელობენ ტრადიციული "პრივატული" ლოგიკით: ქალაქის მერი, ხელისუფლებაში მისი მომყვანი პარტია ირჩევენ ნდობით აღჭურვილ კურატორს საკუთარი მეგობრების (პოლიტიკური ან უბრალოდ, პირადი) წრიდან და მას ავალებენ კოლექციის შერჩევას, გამოფენის ჩამოყალიბებას და ა.შ., რომლებიც, თავის მხრივ, ასახავენ საკმაოდ განსაზღვრულ პირად გემოვნებას (ან, თუკი საუბარია კურატორთა ჯგუფზე _ გემოვნებათა ერთობლიობას). მსგავსმა პრაქტიკამ არ შეიძლება არ გამოიწვიოს მრავალი წინააღმდეგობა: მხოლოდ იმიტომ არა, რომ ეს პრინციპში არ შეშვენის საზოგადოებრივ ინსტიტუტს (ეს არსად არ იქნა გათვალისწინებული, ეს არასდროს არ იყო დაკანონებული და არ იღებდა საზოგადოებრივ თანხმობას), არამედ იმიტომ, რომ საჯარო მუზეუმის ან საჯარო გალერეის ამგვარად განხორციელებული "ესთეტიკური" შერჩევა დამოკიდებული ხდება პოლიტიკური კლიმატის ცვლილებაზე, იმაზე, თუ ვინ შეადგენს პოლიტიკურ უმრავლესობას, და საერთოდ, მოექცევა ნებისმიერი "გარეშე" გავლენის ქვეშ... მოცემული მაგალითიდან ნათელია, რომ საჯარო მხატვრული ინსტიტუტები (განსაკუთრებით ისინი, რომელთაც საქმე აქვთ თანამედროვე ხელოვნებასთან) სულ უფრო ხშირად დგებიან თავისებური "კოლექტიური" ესთეტიკური სუბიექტის ჩამოყალიბების ამოცანის წინაშე. ინდივიდუალური გემოვნების ტრადიციულ ლოგიკაზე ორიენტაცია (ნდობით აღჭურვილი კრიტიკოსებისთვის უფლებამოსილების დელეგირება) არ შეიძლება ჩაითვალოს პრობლემის გადაწყვეტად. ვფიქრობ, რომ მისი გადაჭრისთვის აუცილებელია იმის გათვალისწინება, რაც მე ძალიან ზოგადად აღვწერე როგორც ესთეტიკური აღქმის პოსტმოდერნული ტრანსფორმაცია. ძალიან მიახლოებითი სახით აღვნიშნავ ამგვარი მიდგომის ზოგიერთ არსებით მომენტს: ა) მუზეუმი აღარ წარმოადგენს ესთეტიკურ "სუბიექტს" ტრადიციული გაგებით; პირიქით, ის არის ინფორმაციის, დოკუმენტაციის და ა.შ. აკუმულირების ცენტრი. სწორედ ეს ხდის მას პოსტმოდერნული ტიპის ესთეტიკურ სუბიექტად. აქედან გამომდინარეობს, რომ მუზეუმს აღარ აქვს პრეტენზია მსაჯულის როლზე ნაწარმოების "ესთეტიკური" (ან გასტრონომიული) ხარისხის. ეს არ ნიშნავს, რომ მუზეუმი ყველაფერს ერთად აგროვებს, უარს ამბობს შეფასებაზე, თუმცა, მისი არჩევანი უნდა ეყრდნობოდეს პლურალისტულ და "ისტორიულ" კრიტერიუმებს (რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი), და არა მხატვრული ნაწარმოების ხარისხს და ფორმალურ სრულყოფილებას. ცხადია, რომ ეს აქცენტირება "დოკუმენტის", და არა ნაწარმოების, გარკვეული ხარისხით, შეიძლება გამოვავლინოთ მუზეუმის ტრადიციულ კონცეფციაშიც. მაგრამ პოსტმოდერნულ სიტუაციაში ეს აქცენტი ხდება სულ უფრო აშკარა და იწყებს განმსაზღვრელი როლის შესრულებას. დღეს ხომ ხელოვნების ცალკეული მომხმარებელიც იღებს "მეორე ხარისხის" ესთეტიურ კმაყოფილებას, პრაქტიკულად ყოველთვის აღიქვამს ობიექტს არა უშუალოდ, არამედ გაშუალებულად _ სხვების ესთეტიკური აღქმის მეშვეობით (თუმცა, შესაძლოა, სწორედ ეს ფენომენი განსაზღვრავს კანტის "განსჯის უნარის კრიტიკის" არსს). ბ) იმისთვის, რომ უფრო ზუსტად განვსაზღვროთ მსგავსი კრიტერიუმები და გამოვიყენოთ ისინი უფრო ეფექტურად, მუზეუმი უნდა გადაიქცეს კოლექტიურ სუბიექტად. ისე, რომ ის აღარ იქნეს კონცენტრირებული ცალკეული ნაწარმოების გაფეტიშებაზე, არამედ, ნაწარმოებზე, ცხოვრების სტილზე და "შესაძლო სამყაროებზე", მუზეუმი უნდა იქცეს ხელოვნებასთან დაკავშირებული ყველაზე მრავალფეროვანი მოღვაწეობის ცენტრად, იმად, რაც იტალიურად ჟღერს როგორც "კულტურული ანიმაციის" ცენტრი (თუმცა, ეს ცნება დიდად არ მხიბლავს). ეს სავსებით ეთანხმება ხელოვნების პოსტმოდერნულ აღქმაზე გადასვლის მეორე სახასიათო ნიშანს _ აქცენტის გადატანა ობიექტიდან მოღვაწეობაზე. მაგალითისთვის შეიძლება გამოდგეს ბევრი რამ იქედან, რაც კეთდება პომპიდუს ცენტრში, მაგრამ იმავე რიგში იქნება რაიონული ან კომუნალური ბიბლიოთეკების არა ნაკლებ ხმამაღალი მოღვაწეობა, რომლებიც აღარ შემოიფარგლებიან წგნების გაცემით, თუმცა სხვადასხვა კულტურული მოვლენის ინიციატორები არიან. ამგვარი შეხედულება მუზეუმზე შეიძლება გამარტივებული მოგეჩვენოთ, მაგრამ იმასაც შეგახსენებთ, რომ აქცენტის გადატანა ობიექტიდან მოღვაწეობაზე წარმოადგენს ერთ-ერთ ძირეულ ნიშანს, თუ არა თავად არსს XX საუკუნის ავანგარდისტული გამოცდილების, მთელი გარდაუვალობით რომ აღნიშნავს ესთეტიკური აღქმის შეცვლას თანამედროვე ეპოქაში. და თუკი მუზეუმი ვერ შესძლებს გამოეხმაუროს ამ ცვლილებებს, საბოლოო ჯამში მას სხვა აღარაფერი დარჩება, როგორც პასიურად მიჰყვეს მხატვრული ბაზრის მერყეობას, ანუ მონაწილეობა მიიღოს გარბენში, სადაც ის ფატალურად განწირულია დამარცხებისთვის. გ) იქამდე, სანამ მხატვრული ბაზარი იარსებებს (სულაც არ ვთვლი, რომ ის არ უნდა არსებობდეს, თუმცა მისი ახლანდელი ფორმა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს არც "ტრადიციულ", არც პოსტმოდერნულ ესთეტიკურ აღქმასთნ, გამოირჩევა სერიოზული პათოლოგიის ნიშნებით) საჯარო მუზეუმის დანიშნულება, როგორც მგონია, ეს არის _ იყოს თავისებური პჰარმაკონ-ი, კორექტივი ბაზრის მიერ გაჩენილი სიმახინჯეების. მუზეუმის მუშაობის იმ მიმართულებებს შორის, რომელთა შესახებ ვსაუბრობდი ბ) პუნქტში, პირველ ადგილზე უნდა იყოს მხატვრული ინოვაციებისადმი ყურადღება, ბაზრისთვის მიუღებელი (კიდევ?) სწორედ მათი ნოვატორული ხასიათის გამო... ამ მიმართულების კვალზე, მუზეუმი თვითონ აღმოჩნდება ტრადიციული ინდივიდუალური ესთეტიკური სუბიექტის როლში, რომელიც ფსონს დებს ამა თუ იმ მხატვრულ მოვლენაზე, რომელსაც ჯერ არ მოუპოვებია საყოველთაო აღიარება. ჩვენი აზრით, სწორედ ამაში მდგომარეობს პრობლემა, წინააღმდეგობა, რომელიც შესაძლოა, კვლავაც მუდმივად იარსებებს, რადგანაც "ესთეტიკური ხარისხის" ტრადიციული ლოგიკა სრულად შეუძლებელია შეიცვალოს პოსტმოდერნის პლურალისტული ლოგიკით. თუმცა, ნაწარმოები-ფეტიშის "გასტრონომიული" შეფასების სრული დაბრუნების გზაზე უნდა აღმოჩნდნენ "კორექტივები", რომლებიც, როგორც მგონია, შემდეგში მდგომარეობს: პირველ რიგში, ეს არის ერთგვარი ნეგატიური კრიტერიუმის შემოტანა კანტისეული ეთიკის სულში _ აკეთე იმის საპირისპირო, რასაც ბაზარი აკეთებს, და, შესაძლოა, მართალი აღმოჩნდე; მეორე, ეს არის მოღვაწეობის ინტენსიფიკაცია ანიმაციის მიხედვით (ბ) პუნქტში აღწერილი), იმისთვის, რომ მუზეუმის "ესთეტიკური" არჩევანი არ იყოს დამოკიდებული ცალკეული კრიტიკოსის ან ექსპერტის გემოვნებაზე, მათი დემიურგიული პრეტენზიებით, არამედ მრავალი მონაწილის განსაზღვრულად ფართო მსჯელობისა და კონსენსუსის შედეგი იყოს...
* თარგმანი (მცირე შემოკლებით) შესრულებულია _ Gianni Vattimo, " Il Museo e l' espepienza dele'arte nella post- modernita". " Rivista di estetica", 37, 1991, anno XXXI. p. 3-12.
** "სუსტი აზროვნება" _ ჯანი ვატიმოს ფილოსოფიური კონცეფციის ცენტრალური კატეგორია. იხ. G. Vattimo "Il pensiero debbole", Feltrinelli, Milano, 1991.
თარგმნა ი.მახარაძემ
No comments:
Post a Comment