ფოტოზე ირაკლი ფარჯიანი
იმ ხელოვანთაგან, რომელნიც ადრე მიდიან, ალბათ მარად ახალგაზრდულ სიხალასეს მოითხოვს განგება. მათ შემოქმედებას, მათ ქმნილებებს დაღლილობის ნიშანწყალიც კი არ ეტყობა. საქართველოში, ამ ჩვენს პატარა ქვეყანაში, ალბათ, პოეზიის ახალგაზრდული მარადიულობა მაინც ნიკოლოზ ბარათაშვილი გახლდათ. მხატვრობაში კი ირაკლი ფარჯიანი - ჩემი უფროსი ძმა, საყვარელი მეგობარი და დიდი მხატვარი.
ირაკლის შემოქმედებას ღრმად აქვს გადგმული ფესვები ქართული ხატწერის უშორესი და ულამაზესი ტრადიციის სიბრძნეში.
ეს არის მისტიური თვითგარინდება _ თვითჩაღრმავების საუკუნოვანი ტრადიციებიდან რომ იკვებება და ასევე ივსება, ნაყოფიერდება თანამედროვე მხატვრობის, სახვითობის კონცეფციურ _ სტილისტური მეთოდებითა და ხერხებით, რაც ირაკლი ფარჯიანის ხელოვნებას, მე ვიტყოდი სამარადჟამოდ თანამედროვეს ხდის. ასე რომ მისი წარმოუდგენლად დამაჯერებელი, განუმეორებელი ხატოვანება გახლავთ ნაერთი ტრადიციის სიბრძნისა და დღევანდელობის ცხოველმყოფელობისა.
ირაკლი ფარჯიანი ამ ცხოვრებიდან 41 წლისა წავიდა. მის სულში მოკაშკაშე მზე დილის იმპულსებით ძალუმად სხივოსნობდა, რაც არაჩვეულებრივი ძალით აისახა მის ბოლო ქმნილებებში, გრაფიკულ ოპუსებში, რომელიც მან უკანასკნელ ზაფხულს შექმნა მანგლისში… მანმადე კი, მართლაც გენიალურ ჯვარცმა-ხარების ციკლებში.
ირაკლი წარმოადგენდა შუა საუკუნეების სვან ხატმწერთა დიდ ოჯახს, ლატალელ ფარჯიანთა გენეტიკური ტალანტის სრულ კვინტესენციას. ირაკლის სულში ღრმად და ძალუმად ცოცხლობდა ხატწერის, კერძოდ, სვანური ხატწერის განუმეორებელი ტრადიციები. მხატვრის მართლაც არაჩვეულებრივი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფიგურები მოზრდილი თავებით, საოცრად მეტყველი ფართოდ გახელილი თვალებით, ამ უღრმეს, სისხლში გამჯდარ შემოქმედში ტრადიციის გამოხატულება გახლავთ.მხატვრობაში საკუთარი ტიპაჟის, საკუთარი განუმეორებელი სახის საკითხი, ირაკლი ფარჯიანამდე არავის არც დაუყენებია და არც გადაუწყვეტია ესოდენ მხატვრული დამაჯერებლობითა და სტილური მთლიანობის განცდით.ირაკლის შემოქმედება ეს არის ამაღლებული სიმფონია არაჩვეულებრივი სახოვანებისა და მხატვრულობის, სითბოსა და სიყვარულის, სიკეთის და თავდადების.
მისი გრაფიკა, განსაკუთრებით კი მისი მინიატურები, მისივე ხელით გადაწერილი სახარებისათვის რომ შექმნა, ბრწყინვალე შედევრია როგორც იკონოგრაფიის, ასევე ზოგადად თანამედროვე რელიგიური მხატვრობის თვალსაზრისით, რადგანაც აქ თავსიყრის ერთის მხრივ, რელიგიურ-იკონოგრაფიული აზროვნების დიდი გამოცდილება, მეორეს მხრივ კი თანამედროვე ტექნიკურ ტექნოლოგიური და სტილურ კონცეპტუალური კომპონირების მეთოდები.
ირაკლის ორგანული კავშირი, მისი ერთგვარი გახსნილობა დასავლეთ-ევროპული კულტურის მიმართ აისახა მისსავე ილუსტრაციებში, ევროპული ლიტერატურის კლასიკურ ნაწარმოებებზე რომ შექმნა. აქ ვხვდებით მართლაც ბრწყინვალე ილუსტრაციებს - ,,ოდისეისთვის”, ,,ფაუსტისთვის”, ,,ზღაპრებისთვის” და ა.შ.
ირაკლის ძიებები ტექნოლოგიის ახალი სახვითობისა და გამომსახველი საშუალებები სფეროში მართლაც ძალზედ თვალსაჩინოა, აქ ისიც უნდა ითქვას, რომ მასალის, ტექსტურის, ზედაპირის პრობლემა ქართულ მხატვრობაში ირაკლის გარდა არავის დაუყენებია ესოდენ მძაფრად და მითუმეტეს, არც არავის გადაუჭრია მსგავსი დამაჯერებლობითა და მხატვრულობით. ირაკლი ფარჯიანი ჭეშმარიტი მისტიკოსი გახლდათ მასალასთან მიმართებაში, რომლის არსში ჩაღრმავებისას, მის ხელში ერთი შეხედვით ჩვეულებრივი საღებავიც კი უჩვეულო შესაძლებლობებს ავლენდა და მეტყველი ხდებოდა.
ასევე ბრწყინვალე იყო ირაკლი, როგორც ფერმწერი, მისი კომპოზიციები ნეორომანტიკული გააზრებებია საკაცობრიო სამხატვრო ცნობიერების გათვალისწინებით. მაგალითად, საკმარისია მოვიხმოთ მისი სადიპლომო ნამუშევარი ,,ოჯახი”, ლეგენდარული ,,ნათელი ოთახი”, მართლაც შესანიშნავი ბერლინური პერიოდის ,,ჯვარცმები” და ,,ხარებები”, იდუმალებით მოცული-მეტაფიზიკური პეიზაჟები და კიდევ მრავალი სხვა.მხატვრის შემოქმედების უმნიშვნელოვანეს ფრთას წარმოადგენს მისი როგორც პორტრეტისტის მოღვაწეობა. ეს გახლავთ პორტრეტი-ბიოგრაფიები, უფრო სწორად, ირაკლის ვერსიფიკაციულ-ბიოგრაფიული წიაღსვლები, ამა თუ იმ გმირის ფსიქოლოგიასა და ხასიათში. იგი ამ ჟანრში ისევე, როგორც თავის საუკეთესო სხვა ქმნილებებში, გარდა ფსიქოლოგიური ჭვრეტის უნარისა, ნახატის წმინდა ტექნიკური ფლობის სასწაულებს ახდენს.ირაკლი ფარჯიანი ასევე დიდებულია, როგორც ნატურმორტების შემქმნელი. ამ ტიპის და თანაც ამდენი სითბოთი გამთბარი ნატურმორტი თითქმის არავის შეუქმნია. ირაკლის ჰქონდა საოცარი უნარი, უბრალოდ გაეცოცხლებინა ჩვეულებრივი, ყოფითი ნივთები, ექცია ისინი მშვენიერ არსებებად.ჩემი თვალით ვხედავდი, თუ როგორ და რა ძალით ვითარდებოდა ირაკლი, როგორც მხატვარი და როგორც პიროვნება, ყალიბდებოდა, როგორც მოაზროვნე გნებავთ მორალისტი – ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით. ირაკლი დიდი სულის, თბილი, ძლიერი, ვაჟკაცური, ემოციური და იუმორით სავსე ადამიანი იყო. საოცრად მეტყველ ფიზიკურ სილამაზესთან ერთად, მასში თავს იყრიდა დიდი შინაგანი ძალა და კეთილშობილება. ღმერთი ნიჭის სახით უხვად აღვრიდა მას ფერებს, მხატვრულ სახეებსა თუ იდეებს, და ისიც ასევე უშურველად არიგებდა საჩუქრებად ან თუნდაც, უბრალოდ სამახსოვროდ თავის ნახატებს.
ირაკლი ფარჯიანი დავით კაკაბაძესთან, ლადო გუდიაშვილთან, ელენე ახვლედიანთან ერთად ქმნიდა XX საუკუნის ქართული მხატვრობის სახეს და ბრწყინვალედ აგვირგვინებს მას მძლავრი საფინალო აკორდით.
ირაკლი ფარჯიანი 50 წლის გახდებოდა. მის გარეშე თითქმის ცხრა წელი გავიდა და მისი ხელოვნება უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ამ მხატვრობამ თითქოს სრულიად დამოუკიდებლად იწყო თავისი სიცოცხლე ხელოვნებაში. სწორედ ამის გამო, ამ რწმენით აღვსილმა შემიძლია ვთქვა, ირაკლი ფარჯიანის ხელოვნება ყოველთვის იარსებებს, როგორც ემპირულ სივრცეში სურათის, ტილოს, ილუსტრაციის სახით ასევე წმინდა ემოციურად და მენტალურად, იმდენად მარადიულია ის ახალგაზრდული სული, რომელიც მის ნაწარმოებებს დილის სიხალისეს ანიჭებს და სიცოცხლის უშრეტი ენერგიით აღავსებს.დაე მარად გვისხივოსნოს თავის ნათელი ირაკლი ფარჯიანის გენიამ! დაე მარად ავსებდეს თავისი სითბოთი იგი ჩვენს გულებს.
© საქართველოს რესპუბლიკა 2000.05.12.
წყარო:ლიბ.გე
1 comment:
didi madloba blogis avtors.. dzalian visiamovne... kargia, rom ertadaa tavmoyrili amdeni saintereso masala.
Post a Comment