17 June 2009

ლევან ჭოღოშვილი - მეფეთა პორტრეტების სერია(1998 წელი)














ლევან ჭოღოშვილის მხატვრობის თემას უმთავრესად პორტრეტი შეადგენს. აქ გვხვდება ქართველი არისტოკრატების ჯგუფური პორტრეტები, საქართველოს მეფეთა პორტრეტების სერიები რელიგიურ თემატიკა, საქართველოს ისტორიის ამსახველი სურათები, ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟთა სახეები.
მხატვრის ნამუშვერებიდან ჩვენი ყურადღება მიიპყრო მეფეთა პორტრეტების სერიამ, რომელიც მან 1998 წელს ნავთობის კორპორაციის დაკვეთით შეასრულა. ესენია: მითრიდატე დიდის, ვახტანგ გორგასალის, ბაგრატ III, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და გიორგი ბრწყინვალეს პორტრეტები.
1980-იანი წლების დასაწყისში ლევან ჭოღოშვილმა შექმნა ქართველ მეფეთა სახეები ამჯერად გრემის მონასტრისათვის - იქაური მუზეუმის დაკვეთით.
შემკვეთთა სურვილის თანახმად, სერიაში წარმოდგენილნი არიან კახეთის სამეფოს დიდი მეფეები: ქეთევან დედოფალი, თეიმურაზ I, გრემის მონასტრის დამაარსებელი ლევან მეფე, ერეკლე II და თეიმურაზ II, მხატვრის თქმით, მან ცენზურის გამო სწორედ ის მეფეები აირჩია, რომლებიც ისტორიულად ასე თუ ისე დაკავშირებულნი იყვნენ რუსეთის სამეფოსთან.
ეს გახლავთ ზეთის საღებავებით შესრულებული მონუმენტური პორტრეტები. არსებითია, რომ ამ სერიის შექმნისას მხატვრის ძირითადი ორიენტირები შუასაუკუნეების ქართულ კედლის მხატვრობას (XII საუკუნე), შუასაუკუნეების პოლონური პორტრეტის ტრადიციებს, ირანულ პორტრეტულ მხატვრობასა და კასტელის ნახატებს ესადაგება. როგორც მხატვარი ამბობს, იმ დროს დაუშვებელი იყო ყოველგვარი დეფორმაცია და მაშინდელი "ჭრელი" ფერწერის საპირისპიროდ შეგნებულად გამოიყენა "ჩამქრალი" ფერები.
საერთოდ, დამკვეთი და მხატვარი იშვიათად თანამშრომლობენ შეთანხმებულად არც ისე ადვილია მათ შორის თანხმობის მიღწევა. დამკვეთი არასოდეს შემოფარგლება ვადის უბრალოდ განსაზღვრებით, ან თუნდაც ასანაზღაურებელი თანხის ციფრით. მასაც სურს მიიღოს მონაწილეობა მომავალი ნაწარმოების შექმნაში. მხატვარი კი მხოლოდ ერთს იხთოვს: არ დათრგუნონ მისი შემლქმედებითი ნება, რომ უცხო, მოუხელთებელი ხელი არ შეეხოს მის ფანტაზიას. ეს ორი შეუთანხმებელი მსოფლმხედველობა განსაკუთრებულად იჩენს თავს პორტრეტის სფეროში. ამიტომაც დაკვეთა გარკვეულ კომპრომისს გულისხმობს მხატვრის მხრიდან. ლევან ჭოღოშვილი ამბობს: "ის მეფეები, რომლებიც მე გრემის მონასტრისათვის დავხატე და ეს მეფეებიც, რა თქმა უნდა, გარკვეული კომპრომისია. იდეალურ შემთხვევაში, მხატვარი თავისთვის უნდა მუშაობდეს, არ უნდა ფიქრობდეს სად გამოფინოს, სად გაყიდოს თავისი ნამუშევრები. მიუხედავად იმისა, რომ დამკვეთმა სრული თავისუფლება მომცა, ისიც იგრძნობდა, რომ ნამუშევრები მოსწონდა, კომპრომისი ძალაუნებურად მაინც არსებობდა".
ლევან ჭოღოშვილის პირველი ნამუშევრები 70-იან წლებში იქმნებოდა. ამ დროს არსებული სპეციფიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენში ბევრი რამ აკრძალული იყო. ტოტალიტარული სახელმწიფო პირობებში იზღუდებოდა არა მარტო შემოქმედი, არამედ საერთოდ, ითელებოდა პიროვნების თავისუფლება, რწმენა, ეროვნული ღირსება. სოციალისტურ გამოცდილებას საქართველოსთვის სასიკეთო არაფერი მოუტანია. იმ დროს ხელისუფლება და მის სამსახურში ჩამდგარი ხელოვნების მუშაკებიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ჰეგემონობა მოეპოვებინათ სულიერი ცხოვრების ყველა სფეროში და ხელოვნება მთლიანად მოექციათ ახალი იდეოლოგიის რკინის მარწუხებში. ცხადია, რასაც ოდნავ მაინც დაჰკრავდა პატრიოტული განწყობა - ყველაფერი იგმობოდა. ადვილი წარმოსადგენია, რა მკაცრი იქნებოდა კომუნისტების ცენზურა. ხელოვან ადამიანებს სრულ სიყალბეში უხდებოდათ ცხოვრება და მოღვაწეობა.
დღეს უფრო მძაფრად აღვიქვამთ თუ რას გაუძლო მაშინ ჩვენმა ხელოვნებამ, რადგან სიტყვიერი კრიტიკისა თუ მუქარის მიღმა ფიზიკური ძალადობის რეალური საფრთხეც იდგა. ასეთ ვითარებაში დიდი სულიერი ძალა იყო საჭირო, არ აჰყოლოდი მედროვეობის წარმავალ ვნებებს და საბჭოთა ყაიდით არ გეცადა თვითდამკვიდრება. მაგრამ ჭეშმარიტ ოსტატებს სინდისისათვის არც იმ დროს უღალატიათ.
კომუნისტებისთვის მისაღები იყო მხოლოდ ის ნაწარმოებები, რომლებიც მათ იდეოლოგიას ემსახურებოდა. ხელოვნებაში სახელმწიფოს მიერ დადგენილი ვიწრო დირექტივები მოქმედებდა. ხალხისთვის წმინდათა წმინდა უნდა ყოფილიყო სოციალისტური რეალიზმის "მოძღვრება". არსებობდა "განსაკუთრებული" მოსაზრება, რომლის თანახმად, ავანგარდისტული ხელოვნების პრაქტიკა განიხილებოდა, როგორც ბურჟუაზიული, მიუღებელი, გაუგებარი. შესაბამისად, ასეთ მხატვრებს არ აძლევდნენ გამოფენის შესაძლებლობას, ბრალს სდებდნენ დისიდენტობაში. ასეთ გარემოში თავისუფალი მხატვრული აზროვნება ითრგუნებოდა და ანდერგრაუნდში გადადიოდა. ასე გრძელდებოდა 80-იან წლებამდე. იმ დროის მთელი სიმძიმე, რა თქმა უნდა, ლევან ჭოღოშვილის შემოქმედებით ცხოვრებასაც შეეხო.

1975-85 წლებში მხატვარმა შექმნა ბოლშევიკების მიერ განადგურებული ქართული არისტოკრატიის პორტრეტების სერია, ლევან ჭოღოშვილი თავად აღნიშნავს, რომ ამ სერიაში ჩადებულია აზრი, რომ "ქართულმა ფეოდალურმა სულმა მოაღწია XX საუკუნემდე, რაც ალბათ, არც ერთ სხვა ქვეყანაში არ მომხდარა და სწორედ ბოლშევიზმის წლებში მოხდა მხოლოდ მისი საბოლოო განადგურება".
10 წლის მანძილზე ჭოღოშვილის ნამუშევრებს ტაბუ დაადო კომუნისტურმა ცენზურამ. ცხადია, თუნდაც თემატიკიდან გამომდინარე, არ დაუშვებდნენ მხატვრის გამოფენების მოწყობას. შემდეგ, უკვე 1984 წელს, ეს პორტრეტები გამოიფინა ირაკლი ფარჯიანის "ოდისევსის მოგზაურობასთან" ერთად, 1985 წელს მისი პერსონალური გამოფენა მოეწყო და ა.შ. როგორც მხატვარი იხსენებს, მაშინაც დაატყდა კრიტიკის ქარ-ცეცხლი, თქვეს რომ არის ბურჟუაზიული მხატვარი და ბევრი სხვა რამ, მაგრამ უკვე 85-86 წლებში ამას საშიში აღარაფერი მოჰყვებოდა. შემდეგ კი პირიქით, ეს თემატიკა მოდად იქცა, გაყალბდა კიდეც. როგორც ბატონი ლევანი ამბობს, ამ ტიპის ნამუშევრებს შემდგომშიც ასრულებდა, მაგრამ ძირითადად საზღვარგარეთ გასაყიდად და ეს უკვე იყო განმეორება.


ამერიკელი ხელოვნების კრიტიკოსი კიმ ლევინი 1990 წელს წერს: "ჭოღოშვილი დასავლეთს მოწყვეტილი რომ არ ყოფილიყო, ბოლტანსკი იქნებოდა".
საქართველოს სინამდვილე 70-იან წლებში რადიკალურად განსხვავდებოდა დასავლეთის ცხოვრებისაგან. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველაფრის მიუხედავად, იმ დროსაც კი ჩვენებურ მხატვრობას ბევრი რამ აქვს საერთო დასავლურთან. ხელოვნებაში მაინც ხდება პარალელური პროცესები. მხატვრები ერთმანეთს ეხმიანებიან, თითქოს იდეები ჰაერში დაფრინავენ.

დღევანდელი გადასახედიდან, უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენში არ მომხდარა რომელიმე ერთი მძლავრი მიმდინარეობის ან ტენდენციის გაბატონება, არამედ სახეზეა თანამედროვე მხატვრული ცხოვრების მთელი მრავალფეროვნება - პოსტმოდერნიზმი, პოსტკონცეპტუალიზმი, კონცეპტუალური ხელოვნება და მრავალი სხვა. ყოველ მიმდინარეობაში თითოეული მხატვარი საკუთარი პიროვნული თვისებებისა და მისწრაფებების შესაბამისაობას პოულობს. ჩვენში, განსხვავებით დასავლური ავანგარდიზმისგან, არ მოხდა ტოტალური უგულვებელყოფა, ისეთი სახვითი ცნებებისა, როგორიცაა ტილო, ზეთი, ნახატი, არამედ ვხედავთ მათ მაქსიმალურ სახეცვლილებას დროსთან მიმართებაში.
დღევანდელ ქართულ ავანგარდს ახასიათებს თავისებური პიროვნული ხიბლი და რაც მთავარია, უდაო მიღწევები მხატვრული შემოქმედების ამოცანების გააზრებაში.
თანამედროვე ქართული მხატვრობის ზოგადი სურათი საკმაოდ ჭრელია. ცხადად ჩანს სტილისტური თუ ჟანრობრივი მრავალფეროვნება. თავისი ხასიათით იგი გარკვეულწილად ეკლექტიკური და ისტორიულია, რაც იმითაა განპირობებული, რომ ხშირად წარსულში ეძებს საყრდენს, ამოსავალ წერტილს.
ლევან ჭოღოშვილი ამბობს - "მხატვარი, რომელიც თავისი ერის წარსულს ხატავს, მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს დამაჯერებელი, როდესაც ის გულწრფელია თავის გრძნობებში და ერის ტკივილს ატარებს". აქედან გამომდინარე, შემოქმედის ძირითად მამოძრავებელ იმპულსად მშობლიური ფესვების შენარჩუნება, გადარჩენა ისახება. ამის საშუალებას კი მართლმადიდებლური ტრადიცია აძლევს.
ჭოღოშვილის შემოქმედების ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საინტერესო ასპექტად იკვეთება წარსულიდან მომავალი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის ორგანული დაკავშირება ხელოვნებისა და აზროვნების თანამედროვე ფორმებთან, რისი დასტურიც არის 1998 წელს შესრულებული მეფეთა პორტრეტების სერია.

მხატვარი აღნიშნავს: "მეფეების დახატვა საქართველოში შეიძლება, რადგან ჯერ კიდევ არ არის გაწყვეტილი ხაზი წარსულთან. ის ტრაგედია, როდესაც ქართული ფეოდალური სული დაიმსხვრა და გაანადგურა საბჭოთა კავშირის დროს, მთლიანად ჯერაც არ ამოშლიდა და ეს ტკივილი, მართლმადიდებლობასა და ხატწერის ტრადიციასთან ერთად იძლევა იმის საფუძველს, რომ დღეს მეფეთა პორტრეტები შევქმნათ".
ლევან ჭოღოშვილის ბრწყინავლე პორტრეტისტის ნიჭი ამ სერიაში სრულყოფილად ვლინდება. ამ მხრივ პირველ რიგში გვინდა გამოვყოთ მითრიდატეს სახე.


მითრიდატე IV, ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ცნობილი, თუნდაც რომის ისტორიაში, ქართველთა და ელინთა სახელგანთქმული მეფე II საუკუნის დამლევს გამოდის მცირე აზიის პოლიტიკურ ასპარეზზე. ქ.წ. 120 წელს, ჯერ კიდევ 11 წლის ყმაწვილი იყო, რომ გამეფდა და განსაცდელისა და გაჭირვების შემდგომ თანდათანობით თავისი ჭკუით, მამაცობით და გასაოცარი ენერგიით დიდი სახელმწიფო შექმნა.
ივ.ჯავახიშვილი და ს.ჯანაშია პონტო-კოლხეთის ამ დიდებულ მეფეს მოიხსენიებენ, როგორც რომაელებთან მებრძოლს, რომლის თავგანწირული ბრძოლაც დამარცხებით დამთავრდა.

ძალზე საინტერესო ბიოგრაფიის მეფეა. მან თავისი შვილი, კოლხების საყვარელი მეფე, ქართული სახელით მახარე, სიკვდილით დასაჯა. ცნობილია, რომ მითრიდატე ექვს ენაზე ლაპარაკობდა და მათ შორის უდიდესი ნაწილი, როგორც ჩანს, ქართველური ენებიც იყო. განსაცდელის ჟამს, სწორედ კოლხეთს და აფხაზეთს შეაფარა თავი და ბოლოს, უკვე ღრმად მოხუცებული და მაინც მეომარი, მებრძოლი სულით, რაც თითქმის ყველა ქართველ მეფეს ახასიათებს XIX საუკუნემდე, მითრიდატე იძულებული გახდა თავი მოეწამლა.
ლევან ჭოღოშვილს უნდოდა მოთრიდატე დაეხატა სწორედ სიკვდილის წინ, განრისხებული.
ვფიქრობთ, ბატონ ლევანს განსაკუთრებული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ამ პორტრეტისადმი. როგორც თავად ამბობს, ამ პორტრეტზე მუშაობის დაწყება მისივე მამის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს დაემთხვა. ფაქტობრივად, მოხუცებული მითრიდატეს სახეს, რომელმაც რამდენიმე შვილი სიკვდილით დასაჯა და ბოლოს თავადაც იღუპებოდა - საფუძვლად დაედო მხატვრის მომაკვდავი მამის სახე. ბატონი ლევანის თქმით, საქართველოს წარსული, მისი ბედი, პირველად სწორედ მამამ უამბო და შეაყვარა. ამიტომაც მხატვრისათვის ეს პორტრეტი ძალიან ძვირფასია და მართლაც მითრიდატეს სახეში უზრმაზარი სულიერი განცდაა ჩადებული.
პორტრეტზე მოხუცი მეფის ფერმკრთალი სახე - თეთრი წვერით, ნაოჭებითაა დაღარული და ღრმა განცდით არის აღსავსე. მისი განრისხებული მზერა რაღაცნაირი ტრაგიკული მუხტით მოქმედებს მაყურებელზე.
მითრიდატე პორტრეტზე წარმოდგენილია ზურგიდან. მთასავით აზიდული სხეული, ავსებს კომპოზიციის ცენტრს და მარჯვენა მხარეს, მონუმენტურად ისახება მუქ ფონზე. მხატვრის მიერ შერჩეული რაკურსი, ზომაზე დიდი მხარი, აძლიერებს სახის გამომსახველობას. მითრიდატე მოყავისფრო ფერის მოსასხამშია გახვეული. ზურგის, მხარის არეში დინამიური მონასმებით იხატება ფორმები, ქვევით კი მოსასხამის ნაკეცები რამდენამდე მშვიდად ეშვება.
მეფეს თავზე ახურავს ძველკელტური გვირგვინი. როგორც თავად მხატვარი განმარტავას, წინაქრისტიანულ ხანაში, მცირე აზიაში არსებობდა კელტური კოლონიები და სწორედ ჩვენთან მითრიდატეს დაღუპვა დაემთხვა დასავლეთ ევროპის კელტების დიდი რასის დაღუპვას. ამასთანავე, თვითონ სიტყვები: "ქართუ", "ქალდი" და "კელტი" ეტიმოლოგიურად ერთი ფესვიდან მოდის. აშკარაა, რომ მითრიდატეს კელტური თავსაბურავი სიმბოლურ დატვირთვას იძენს.
მითრიდატეს პორტრეტზე გამოსახულია ძველებური თასი, მასთან ერთად გარეული ღორის თავი, რომელიც, როგორც ბატონი ლევანი ამბობს, თურმე ჯერ კიდევ ხეთური, შემდეგ კოლხური ტრადიციის თანახმად, სამეფო ნიშანი ყოფილა მეფეთა სუფრაზე. მხატვარი აღნიშნავს, რომ ამ მოტივისათვის გამოიყენა ერთი იაპონური სურათი, რომლის მიხედვით ჯერ კიდეთ 70-იან წლებში სურდა კახეთის მეფე ავგიორგი დაეხატა. თასთან ერთად გამოსახულია ძველებური სასმისი. ამ ნატურმორტს ერთგვარი სითბო და ინტიმურობა შეაქვს პორტრეტში. მუქ ფონზე ორთავიანი არწივის შავი სილუეტი ბუნდოვნად ისახება და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ჩამორეცხილია, წარსულზე მიგვინიშნებს. პორტრეტის კოლორიტი იგება ყავისფერის მიმქრალი ელფერების, ოხრის და მონაცრისფრო - შავი ფერების შეხამებით. მხატვარი დიდი ოსტატობით იყენებს მოყავისფრო ტონების გრადაციებს და მოცულობითად ძერწავს ფიგურის ფორმებს. მუქი ფონი უფრო მკვეთრად წარმოაჩენს მეფის სახეს. ფერი აქ დიდი ემოციურ ძალას ფლობს, ქმნის ფორმას და მთელი სისრულით ავლენს ხასიათს.
უდაო ფერწერული ღირსებებით გამოირჩევა ვახტანგ გორგასალის პორტრეტიც. სახე მოცისფრო - თეთრი ტონების უფაქიზესი შეთანხმებით არის დაწერილი. საინტერესოა შესრულების მანერა, განსაკუთრებით მოსასხამის ნაოჭების მოდელირება, მოცემული ძირითადი მოყავისფრო ტონის თანდათანობით გამოთეთრებით და ძირითად ტონს დამატებული ცისფერი და მწვანე რეფლექსებით.
მითრიდატეს პორტრეტთან შედარებით გორგასალის პორტრეტი მეტი დეკორატიულობით ხასიათდება, განსაკუთრებით სამოსის დამუშავება. მეფეს ისეთივე კაბა მოსავს, როგორც დავით აღმაშენებელს გელათის ფრესკაზე და გულდასმით შესრულებული მცენარეული ორნამენტი ამკობს. თავზე ახურავს ქართული სამეფო გვირგვინი ორ ლომს შორის. აქ მხატვარი ქმნის მეფის სახეს აღსავსეს შინაგანი ენერგიითა და სიდარბაისლით, რაც გამოიხატება მის ფრონტალურ მკაცრ პოზაში.
ისტორიული წყაროების მიხედვით, მეფე ვახტანგი იყო "ჰასაკითა უმეტეს ყოველთა აცთა, რამეთუ ათორმეტი ბრჭალი კაცისა იყო სიმაღლე მისი და აწცა რომელ არა აბჯარი და სამოსელი მისი, მისგან უფრო საცნაურ არს" მეფის გოლიათური სიმაღლეო. ალბათ, არსენ კათალიკოსის ეს სტრიქონები ახსენდება ყველას ვახტანგ გორგასალის სახის წარმოდგენისას და სწორედ ასე, ჭოღოშვილის მიერ შექმნილ მეფის ხატში, ფიზიკურ და სულიერ ძალთა თანაფარდობაში ვგრძნობთ ამ დიდი პიროვნების ჭეშმარიტი და ღრმად განცდილი სულიერი არსის მაღალ მხატვრულ დონეზე გააზრებას.
ამ პორტრეტებისგან განსხვავებით, ბაგრატ III პორტრეტი შესრულებულია როგორც ფრესკა. ფიგურა მთლიანად სიბრტყობრივად იწერება. პროპორციები დარღვეულია - მარჯვენა მხარი მარცხენაზე გაცილებით დიდია. სახის ნაკვთები პირობითად აღინიშნება თეთრი მონასმებით. მეფის კაბა წითლად არის აფერადებული ყოველგვარი რეფლექსებისა და გრადაციების გარეშე. წელზე შემოხვეული შავი სარტყელი კონტრასტულად იკვეთება. ფერთა შეხამება სინატიფით გამოირჩევა. პორტრეტის კოლორიტი იგება წითელის და შავის, თეთრის, ოხრის კონტრასტებზე. კაბის ფერი, მისი ჟღერადობა საზეიმო განწყობილებას აძლიერებს. ფონზე კვლავ ვხედავთ არწივის გამოსახულებას, მეორე მხარეს - ორი ქნარი და აყვავებული ვარდი. ბაგრატ III ხელში უკავია კოლხური ცული, მანიშნებელი სამეფო ფირსებისა. საოცრად შთამბეჭდავი პორტრეტია. მის სახეში, პოზაში იგრძნობა დახვეწილი არისტოკრატიზმი და მაღალი სულიერება.
დავით აღმაშენებელის და თამარ მეფის პორტრეტები ლევან ჭოღოშვილმა შვეიცარიაში ყოფნისას დახატა.
დავით აღმაშენებელი, როგორც წმინდანად შერაცხული მეფე, მხატვარს ნიმბით გამოუსახავს. პორტრეტის კომპოზიციური გადაწყვეტა არაჩვეულებრივია, სადაც მრუდხაზოვნებაა განმსაზღვრელი. ფორმატი ზედა ნაწილში ოვალურია, რომელსაც პორტრეტზე ჰარმონიულად ეხმიანება მეფის მასიური მხრების მოყვანილობა. ყვითლად აფერადებული მრგვალი ნიმბი, რომელსაც თეთრი კონტური შემოუყვება და მზის დისკოს მოგვაგონებს, თავისი ფორმითა და აფერადებით მკვეთრად წარმოაჩენს დავით აღმაშენებლის სახეს. ამ პორტრეტში ცხადად იგრძნობა მხატვრის საოცრად განვითარებული ფერის შეგრძნება. შთამბეჭდავია წითელი საღებავებით დასმული მახვილი აქცენტები - ქუდი და ულვაშსა და წვერზე თავისუფლად დადებული წითელი მონასმები.
როგორც ლევან ჭოღოშვილი ამბობს, დავით აღმაშენებლის პორტრეტისთვის მან აირჩია დიდი ხის ჩარჩო, რომელზეც რკინის მავთულები იყო გაბმული და როდესაც დახატა პორტრეტი, ეს მავთულები გადავიდა თხელ ტილოზე. მხატვარს მოეწონა ეს და გამოიყენა მხატვრული თვალსაზრისით. სწორედ ამ ხერხით, რა თქმა უნდა ფერთა უფაქიზეს შეხამებასთან ერთად, იქმნება უცნაური და შთამბეჭდავი ეფექტი, რაც ასხივოსნებს მეფის სახეს. დავით აღმაშენებლის პორტრეტში მაინც დაცულია ტრადიციული იკონოგრაფია მისი გამოსახულების, ფრონტალური პოზა. მეფის სხეული, სამოსი განზოგადებულად არის დაწერილი. წმინდანი, დიდი მეფე წარსდგება ჩვენს წინაშე და მოწიწებისა და თაყვანისცემის გრძნობით აღგვავსებს.
ლევან ჭოღოშვილი აღნიშნავს, რომ როდესაც იგი შეუდგა თამარის პორტრეტზე მუშაობას, თავიდან სურდა გამოეყენებინა მისი ყველა არსებული პორტრეტი და თანამედროვე ტექნოლოგიით მიეშუქებინა ეს გამოსახულებები ერთ ადგილზე. მაგრამ ეს არ გამოუვიდა, რადგან ამ იდეის განხორციელება საკმაოდ ძვირი აღმოჩნდა. ბოლოს შექმნა პორტრეტი (ზეთის საღებავებით), თავდაპირველი ჩანაფიქრიც სისრულეში მოიყვანა - გამოიყენა თამარის ისტორიული პორტრეტები (ვარძია, ბეთანია, ყინცვისი, ბერთუბანი) - იკონოგრაფიული სქემა, ფიგურის დაყენება, სამოსის დეტალები.
წმინდა თამარი ფრესკებზე და ხატებზე ყველგან გამოსახულია სამეფო ლორით - ბიზანტიელი კეისრების საზეიმო ტანსაცმელის აუცილებელი ატრიბუტით (გ.ჩუბინაშვილი). ცნობილია, რომ თამარს ყმაწვილ ქალს დაადგეს გვირგვინი, წელს შემოარტყეს ხმალი და როგორც მეფე და მთავარსარდალი სამეფო შესამოსელით შემოსეს და არა სადედოფლოთი.
ჭოღოშვილი ამბობს, რომ ძნელია დღეს დახატო თამარის პორტრეტი - ქალი მეფე, მხედართმთავარი. თან ასეთ შემთხვევაში, როდესაც მხატვარი მიმართავს ტრადიციულ ნიმუშებს, თავისთავად ჩნდება განმეორების, თუნდაც კიტჩის საშიშროება. მაგრამ ჭოღოშვილს ეს ნამდვილად არ ემუქრება. პორტრეტზე წინა პლანზე მოდის დეკორატიულობა - ფიგურის, ფორმის, ფერის, მთლინად სახის გააზრების თვალსაზრისით. პირობითად, თეთრი მონასმებით აღინიშნება სახეზე წარბები და ცხვირი. ფერადოვანი გადაწყვეტით პორტრეტი ხალისიან განწყობას ქმნის, აქ არსებითია მხატვრულ-ფერწერული ინტერპრეტაცია თამარის ისტორიული პორტრეტების, რასაც მხატვარი აღწევს წერის პირობითი ხერხების გამოყენებით. ქართული ფრესკებიდან, დასავლეთ ევროპის შუასაუკუნეების მხატვრობიდან თუ იაპონური ნახატიდან ამოკრეფილი ცალკეული ხერხები და დეტალები პორტრეტზე ერთ მთლიანობაში იკვრება. იქმნება საინტერესო სახე - თითქოს თანამედროვე მხატვრულ ენაზე ამეტყველებული ფრესკა.
გიორგი ბრწყინვალე, საქართველოს დიდბუნებოვანი მეფე პორტრეტზე წარმოგვიდგება როგორც გამარჯვებული, რამდენადაც ვიცით, საქართველოს განთავისუფლება მონღოლთა ბატონობისგან სწორედ გიორგი V სახელს უკავშირდება. მართლაც დიადი და განმაცვიფრებელი იყო მისი მეფობის წლები (1318-1346). ჟამთააღმწერელის ცნობით "თქმულ არს მარტოება უმჯობესისთვის, აგრეთვე გიორგი იპოვა უმჯობესი ყოველთა კაცთა მის ჟამისათა არა ოდენ ხელმწიფეთა", არამედ ყოველთა კაცთა.
მეფე შავ ფონზეა წარმოდგენილი. მისი მოსასხამი მთლიანად დაფარულია მცენარეული ჭრელი ორნამენტით, რაც სადღესასწაულო განწყობას ქმნის. გამარჯვების ნიშნად წმ. გიორგის დროშა უჭირავს ხელში. მეფის სახე ზეაწეულობითა და საკუთარი ღირსების შეგრძნებით გამოირჩევა. მისი მზერა გამსჭვალავი და მკაცრია.
პირველი აზრი, რაც ამ პორტრეტების ხილვისას გაგვიჩნდა, იყო ის, რომ ჭეშმარიტი ხელოვნება არასდროს წყდება ეროვნულ ფესვებს, ინარჩუნებს მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს. ჭოღოშვილის პორტრეტებს თან სდევს საოცარი და ღრმა გულისყური წარსულისადმი და ამასთანავე, თავისი ნიჭის შინაგანი მთლიანობითა და ფაქიზი მხატვრული ინტუიციის წყალობით, ხიდივით აკავშირებს წარსულის ხელოვნებას მომავალთან.
ჭოღოშვილის მეფეთა პორტრეტებში იგრძნობა კავშირი ქართული ფრესკის, განსაკუთრებით ქტიტორთა გამოსახულების ტრადიციასთან, რაც ვლინდება სახეთა მონუმენტურ გააზრებაში, პირობითობასა და დეკორატიულობაში სხეულის, სამოსის გადმოცემის, ფიგურების დაყენებაში.
არსებითია, რომ ჭოღოშვილი ამ სერიაში მეფეებს წარმოგვიდგენს ფონზე, რომელსაც არ გააჩნია ემპირიული პარამეტრები. აქ მხატვარი არ გვაძლევს სიღრმის შეგრძნებას, რასაც ხაზი ესმება პორტრეტებზე გაკეთებული წარწერებითაც, რომლებიც სიცარიელეებს ავსებენ, ფარავენ ფიგურის გამოსახულებას და რაც მთავარია, მიუნიშნებენ, რომ ეს ფონი სულაც არ არის ჰაეროვანი გარემო, ილუზორული სივრცე. აქ დროის მსვლელობა თითქოს შეჩერებულია. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჩვენს წინაშე იშლება სივრცისგარეშე, ტრანსცენდენტური სამყარო მსგავსი შუასაუკუნეების ქრისტიანული მხატვრობის და ხატწერის, მაგრამ ამგვარ გააზრებას უპირისპირდება მეფეთა სახეების ხაზგასმული ხასიათები.
პორტრეტებზე გაკეთებული ძველქართული და ლათინურენოვანი წარწერები დამახასიათებელია ჭოღოშვილის მხატვრული ენისთვის. ამ ხერხით მხატვარი ხაზს უსვამს მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს, აღნიშნავს მეფის სახელს, მის ტიტულებს. ასე მაგალითად, მითრიდატეს პორტრეტზე ძველი ქართული წარწერები გვამცნობს ვისი მეფე იყო ის - მეფე ელინთა და ქართველთა, ლაზების, ჭანების, მაკრონების, მოსინიკების - ფაქტობრივად არ დარჩა არცერთი ქართველური ტომი, რომელთა მეფედ ოფიციალურად არ მოიხსენიება იგი ისტორიულ წყაროებში. გიორგი ბრწყინვალესთან ვხედავთ ლათინურად შესრულებულ გრძელ სტრიქონებს ეგვიპტის სულთნის წერილიდან, სადაც გიორგი V მოიხსენიება როგორც "ჯვაროსანთა დამხმარე, მართლმადიდებელ ქრისტიანთა ბურჯი, ელინთა შორის უდიდესი მეფე" და ა.შ. თამარის პორტრეტზე რუსული წარწერებია გაკეთებული, რადგანაც ისტორიულად დაკავშირებული იყო რუსეთის სამეფოსთან, რუსი უფლისწულის ცოლი იყო.
ეს წარწერები დეკორატიული ფუნქციის მატარებელიცაა. წვრილი ნახატით გამოყვანილი ნატიფი სტრიქონები ხშირად ფიგურების სხეულს, სახეს ფარავს. მხატვარი თითქოს განგებ ხლართავს ასოებს ორნამენტულ ხვეულებად, ან ზოგჯერ თვითნებურად მიმოფანტავს წარწერებს სიბრტყეზე. მაყურებელი ხშირად ვერ შიფრავს "დაწერილს". მაგრამ ეს სულაც არ არის აუცილებელი. ამ ხერხით მხატვარი რაღაცნაირად გვაინტრიგებს. აქ მთავარია სწორედ ჩვენი წარმოსახვის პროვოცირება იმისთვის, რომ უსასრულოდ დაგვებადოს შეკითხვები, მივმართოთ აზროვნება ამ თავისებური "კონცეპტების" აღსაქმელად და გასააზრებლად. ასეთი სახით მაყურებელი ერთვება სემანტიკურ თამაშში. ეს "კონცეპტები" წარმოადგენს ერთდროულად ტექსტს და ქვეტექტს, თანაც მხატვრის მიერ მოწოდებული გარკვეული აზრით, გამოსახულების დამხმარე ელემენტის დატვირთვაც ენიჭება. ეს ამდიდრებს მხატვრულ ენას და მისი სპეციფიკის განმსაზღვრელიც ხდება.
დამახასიათებელია, რომ პორტრეტებში მხატვარს წარწერებთან ერთად შეაქვს მთელი რიგი სიმბოლური აზრით დატვირთული გამოსახულებები, თუნდაც ორთავიანი არწივი, რომელიც ხშირად ჩნდება სერიაში ფონზე. პირველად, ჩემს წარმოსახვაში ეს გამოსახულება, რატომღაც ასოცირდა სამეფო ხელისუფლების სიმბოლოსთან, მაგრამ როგორც ბატონი ლევანი განმარტავას, ორთავიანი არწივი დაკაშვირებულია ხეთურ სამყაროსთან, სადაც ის წმინდა ფრინველად მიიჩნეოდა. სწორედ ხეთურ სამყაროსთან გვხვდება ამგვარი გამოსახულებები. თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულ მოსაზრებათა თანახმად, სავარაუდოა პროტოხეთური ენის ნათესაობა ქართულთან[1]. ხეთები, მცირე აზიის უძველესი (3 ათასწლეული) მოსახლე ტომები უკავშირდებიანი ქართველური ტომების წარმოშობის ისტორიას და სწორედ ამ აზრით იძენს არწივის გამოსახულება მნიშვნელოვნებას - ანუ მხატვარი ხაზს უსვამს ქართველი ერის ძირძველ ისტორიას.
ჭოღოშვილის მეფეთა პორტრეტებში ფიგურათა გაბედული დეფორმაცია, დახვეწილი ნახატი, ფერის განვითარებული გრძნობა სახისმეტყველებას აძლიერებს. სამოსის დეკორატიულობა, წარწერები, სიბრტყეზე დალაგებული სიმბოლური ატრიბუტები ისე, რომ ყოველი მათგანის ადგილი, ფორმა, ფერი თუ სილუეტი გააზრებულია და ეს ყველაფერი მხატვრული სახის სტრუქტურის წარმოჩენას ემსახურება.
სერიაში თითოეული მეფის დახასიათება მთელი სისრულით არის მოცემული. მხატვარი თითქოს იმ ეპოქის "ქრონიკას" ქმნის, როცა ესა თუ ის მეფე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ყოველ პორტრეტში ვგრძნობთ დროის სულს - წინაქრისტიანულ ხანას თუ შუასაუკუნეებს.
მყარი ნიადაგი, რასაც ეფუძნება ჭოღოშვილის ხელოვნება, შეიძლება განვსაზღვროთ როგორც რთული კონგლომერატი მშობლიური ტრადიციებისა და მსოფლიო მხატვრული მემკვიდრეობისა. ის გაბედულად აერთებს სხვადასხვა მიმართულებებს, შუასაუკუნეების ქართული და ევროპული მხატვრობის გამოცდილებას და თანამედროვე კონცეპტუალიზმს. ამ მრავალმხრივი, ერთმანეთისაგან განსხვავებული წყაროების სინთეზით წარმოქმნება სინქრონული მხატვრული ენა. ვფიქრობ, ამ აზრით ჭოღოშვილის მხატვრობა ეხმიანება ევროპულ ტრანსავანგარდს, რომელმაც დეკლარაციულად მიმართა "ძველი" ხელოვნების მაგალითებს. ამ მოძრაობის მხატვრები წარმოგვიდგებიან მხატვრული ენის განახლების მცველებად წარსულის გამოცდილების ხარჯხე, სადაც აქცენტები ესმება არქეტიპულობას, ესთეტიკური გრძნობების და იდეების არქეოლოგიას[1].

მნიშვნელოვანია, რომ ჭოღოშვილთან კაცობრიობის მთელი მხატვრული წარსულის ტრადიციები, კულტურული "კოდები" მუშაობს გენეტიკური მეხსიერების სახით. მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ენა არის გარკვეული სიმბოლო სამყაროს გაგებისა. მხატვრისეული აღქმა როგორც რეალობის, ისე წარსულისა - გამძაფრებულია და სულის სიღრმეში განცდილი.
ჭოღოშვილის მეფეთა პორტრეტების სერიაში წარმოდგენილ განსხვავებულ ხასიათებს შინაგანი ღირსების ხელშეუხებლობა აერთიანებთ და რაც ყველაზე მეტად გვხიბლავს, სე სახეები უღრმესი სულიერი საუნჯის მატარებლები არიან.


რა თქმა უნდა, როდესაც წერ ასეთ მხატვარზე, თავად პროცესი - ფიქრი, განსჯა მის შემოქმედებაზე საინტერესოა და თან თავისებურად სულიერი სიმშვიდის მომგვრელიც. ამასთანავე უდიდეს პასუხისმგებლობას განიცდი, ჭოღოშვილი ხომ ის მხატვარია, რომელსაც წარდგენა არც სჭირდება, ჩემს თვალწინ გადაშლილი მასალა ძალზე ძვირფასია და მისი სრულყოფილად გაგება და შეფასება ურთულესი საქმეა. ყოველივე ამას შედარებით ამსუბუქებს თავად მხატვართან შეხვედრა. მასთან საუბარი ნათელს ჰფენს ბევრ პრობლემას.
ქართველი ფილოსოფოსი ზურაბ კაკაბაძე ასეთ რამეს წერს: "განვითარებული ღრმა ინტელექტი და სამყაროს გრძნობით აღქმის განსაკუთრებული უნარი:აი ორი ძირითადი ატრიბუტი, რომელიც აუცილებელია მხატვრული შემოქმედების პრეტენიზიისათვის."[1] ვფიქრობთ, ჭოღოშვილის მხატვრული ფენომენი სრულად პასუხობს ამ კრიტერიუმებს. მასთან ნიჭი, მაღალი ინტელექტი, შინაგანი თავისუფლება, მრავალმხრივი შემოქმედებითი ძიებები განსაზღვრავს მის თვითმყოფადობას და სრულყოფილად წარმოჩენს მხატვრის სახეს.

ი. მახარაძე

No comments: