კოტე სულაბერიძე |
"მე წითელი ფერი ვარ და ყურში ჩამესმის თქვენი შეკითხვა: რას ნიშნავს იყო ფერი? ფერი ესაა თვალით შეხება, ან თუ გნებავთ მუსიკა _ ყრუთათვის, ან კიდევ წყვდიადში _ გაჟღერებული სიტყვა. ათასობით წლის განმავლობაში ვუსმენ, როგორ საუბრობენ სულები წიგნებსა და საგნებში, _ ეს ქარის ზუილს წააგავს, _ და ამიტომ ვამტკიცებ, რომ ჩემი შეხება იგივეა, რაც _ ანგელოზის მიკარება. ორი ნაწილისგან შევდგები: ერთი მათგანი მძიმეა და თქვენს თვალებს ესაუბრება, მეორე კი მსუბუქია და ჰაერში დაფარფატებს თქვენს მზერასთან ერთად".
ორჰან ფამუქი, "მე მქვია წითელი"
გაგიკვირდებათ, მხატვარი კოტე სულაბერიძე წითელ ფერს ვერ ხედავს (ამაზე ქვემოთ მოგითხრობთ), თუმცა ათასობით თვალს "ესაუბრება" სახეებით და სიმბოლოებით _ სამყაროს თავისებური ფერადოვანი ხედვითა და ერთგვარი ირონიული თამაშის პრინციპითაც _ და ტკბილი ოჯახური ცხოვრების ფონზე ინდივიდუალური ისტორიის, საკუთარი ბიოგრაფიის "მთხრობელიც" ხდება.
მე მქვია კოტე
კოტეს სჭირდება თავისუფალი სივრცე ხატვით რომ დატკბეს. ახალ-ახალი შეგრძნებების ძიებაში სულმოუთქმელად მუშობს. ყოველდღე იმდენს ხატავს, რომ ბოლოს სახელოსნოში დახვავებულ ქაღალდებში იკარგება (თუმცა ამას "ჯღაბნას" ეძახის). ფურცლების გროვაში მისთვის აღსაქმელი დეტალები უნდა მონიშნოს წარწერით, "სხვანაირად არ გამოვა". წარწერებიც ძალიან უყვარს. უნდა, რომ ყველა ნახატს განსაკუთრებული სახელი ერქვას _ "წუმპე", "ბუზები კავკასიონზე", "Лицо кавказской национальности"... სახელი თუ არა, პატარა ლექსი მაინც ახლდეს, ან სულაც მინაწერი ცარიელ ტილოზე _"ქირავდება" _ მეტი არაფერი.
90-იანელი ავანგარდისტისთვის შემოქმედებაში ნორმა არ არსებობს. მისი ხელოვნება ყოველთვის განუმეორებელი პრაქტიკის შედეგად იბადება. თუმცა, როგორც კოტე ამბობს, ხატვის პროცესი არ ახსოვს ხოლმე. "შოკოლადს სანამ შეჭამ, იცი რომ ტკბილია. შემოქმედება კი წინასწარ არ იცი ტკბილი იქნება თუ არა. ერთი ფორმულა არ მაქვს. ყოველ ჯერზე მოდის ახალი გამოცდილება და ახალ-ახალი შეგრძნებები, და ამაში არის ძალიან დიდი ხიბლი." კოტე მოხიბვლასაც ადვილად ახერხებს და გაოცებასაც. მისთვის ხატვით ტკბობას თან ახლავს ტკბობა მახვილი სიტყვით და ზოგჯერ დაახლოებით იმგვრი პირობითი ნიშნებითაც, ადრე პიონერთა ბანაკებში სტენდებზე რომ გვინახავს. მხატვრის ერთ-ერთ საყვარელ სურათს (ასე ვთქვათ, "რეალურ" მასშტაბში აღბეჭდილ კავკასიის პანორამას რომ ჰგვს) ჰქვია _ "ჩემი კავკასიონი" (2000). ზედ უამრავი სიმბოლოა დასმული. ამ უგრძეს რუკას ფერადი ნიშნების განმარტებითი ტექსტური დანართი რომ არ ახლდეს, ვერაფრით მიაგნებდით კავკასიონზე კაი "საქეიფო" და "სანადირო" ადგილებს; ვერც "საკრალურ მიწებს", ვერც "უცნობი ალპინისტების საფლავებს", ვერც ჭინკებით, თეთრი რაშებით და ფასკუნჯებით დასახლებულ მწვერვალებს და ალბათ, ყველაზე მეტად მაცდუნებელ ბუმბერაზი მთის "აღმოუჩენელ" განძებს.
კოტე, როგორც მხატვარი, ჯერ თაზო ხუციშვილის, შემდეგ კი კოკა იგნატოვის სახელოსნოებში გამოიწრთო. შემოქმედებით ბიოგრაფიაში რომელი მხატვარი გადაურჩება ძიებისა და მერყეობის მეტ-ნაკლებად ხანგრძლივ პერიოდს და ამ გზის გავლა, როგორც წესი, რომელიმე პროფესორის სახელოსნოში უწევს. მერე რა? ოსტატის რჩევები, შეიძლება ზოგჯერ აფერხებდეს კიდეც ორიგინალური ნიჭის განვითარებას, თუმცა, არა მგონია ხელს უშლიდეს ერთ მშვენიერ დღეს ამ უკანასკნელის გამობრწყინებას. ადრე თუ გვიან ეს რჩევები სახეს იცვლის, იფილტრება, ან სულაც დავიწყებას მიეცემა, თუ, რა თქმა უნდა, საქმე ტალანტს ეხება.
კოტე სულაბერიძე სამხატვრო აკადემიაში არც მეტი, არც ნაკლები _ ათი წლის სტუდენტობამ ლამის გააჭაღარავა. ჯერ იყო, პირველი კურსის მერე გარიცხეს. კოტეს ამ ჩახლართული ისტორიის გახსენებაც არ უნდა _ გაუგებრობა დავარქვათ ამ ამბავსო. მეორე წელს თავიდან ჩააბარა. სულ მალე კი ჯარში უკრეს თავი (ესეც კიდე ორი წელი), რაც ძალიან განიცადა _ "მხატვრობას მოვწყდი, მეგობრებს. ჯარიდან რომ ჩამოვედი, მეგონა _ ჩემი მატარებელი დიდი ხნის წასული იყო". დეპრესიისგან მეგობრებმა იხსნეს. აკადემიის კედლებიდან გამოყოლილი მეგობრობა დღემდე განსაკუთრებულად აკავშირებს მიშა გოგრიჭიანთან. ტყუპებივით არიან. თითქმის ყოველთვის, გამოფენის მოწყობის პროცესში, თავიანთი ნამუშევრებისთვის ერთი და იგივე ადგილი მოსწონთ. მერე მიდის ხვეწნა, ამ კედელზე ჩემი არა, შენი სურათი გამოფინეო. კოტე ამბობს: "ერთმანეთის ურთიერთდამატება ვართ. არავისთან მაქვს ისეთი სულიერი სიახლოვე და კოლეგიალური კომფორტი, როგორც მიშასთან". მიშა 1991 წელს გაიცნო _ ჯარიდან დაბრუნებული იგნატოვის სახელოსნოში რომ მოხვდა. თავიდან დიდი სიახლოვე არ ჰქონიათ, და მიშას ცოტა გაჰკვირვებია, როცა ერთ დღეს კოტე და ნინო კენგურუში ჩასმული სანდროთი გამოეცხადნენ და უთხრეს: "თელავის მუსიკალური ფესტივალისთვის გამოფენა უნდა გავაკეთოთ!" მიშა დაუფიქრებლად დასთანხმდა და საქმეში ჩართეს გიორგი გიგაშვილიც. თელავში რომ ჩავიდნენ, პატარა სანდრო ცალკე ოთახში დააბინავეს და საქმეს შეუდგნენ. ეს იყო პირველი გამოფენა _ ერთადერთი, გამოფენების გრძელ სიაში, რომელიც საკუთარი ინიციატივით მოაწყო.
ბოლო ხანებში საზღვარგარეთულ ვერნისაჟებზე ბევრს ვერაფერს გეტყვით. თავადაც შორიდან მოსული ამბებით იგებს, რომ თურმე გასული წლის სექტემბერში ლონდონში გამოფენილა ერთ-ერთი მისი ქმნილება, რომ მალე შვეიცარიაშიც იგეგმება ექსპოზიცია და ალბათ, იმასაც ვერ დაესწრება.
კოტე სულაბერიძე თბილისში გამართული "არტ კავკასის" გამოფენაზე წარსდგა ობიექტით _ "სტუმარი და მასპინძელი" (2004). ექსპოზიციის სივრცეში გაშლილ სუფრას, პირობითი პურმარილით, ერთ თავში ნაბადში შემოსილი "მასპინძელი" (მანეკენი) ედგა, მეორეში _ ჯინსებში გამოწყობილი "სტუმარი". მაგიდაზე კი მოხარშული ქათმის, მწვადის, მჭადის თუ სხვა მამა-პაპური კერძების მხოლოდ სილუეტები იყო მიხატული. მაყურებელს თავისი ვიზიონერული ფანტაზიით უნდა დაეგემოვნებინა "მენიუ ჩამოტარებით". ეს სუფრა არც ტრადიციულს ჰგავდა და არც არატრადიციულს, თუნდაც ისეთს, კოტეს სახელოსნოში რომ აქვს ხოლმე მოწყობილი _ სტუდენტების ერთმანეთზე დალაგებული თორმეტი დაფა.
"უსახლკარონი"
კოტეს ტრადიციული ოჯახიც "არატრადიციულად" ცხოვრობს. კოტე სულაბერიძე და ნინო ჭილაშვილი თხუთმეტი წლის ცოლ-ქმარი არიან. ბოლო ხუთი წელი ცალ-ცალკე უწევთ ცხოვრება. "მარტივი მიზეზია" _ საკუთარი სახლი არ აქვთ. თუმცა ამის გამო დისკომფორტს არც ერთი განიცდის, არც მეორე. სამაგიეროდ, ხომ არსებობს საერთო ტერიტორია! სამუშაო სივრცე (ნინოც მხატვარია) და შეხვედრების ადგილი _ სახელოსნო. აქ შეუძლიათ 24 საათი ილაპარაკონ. ახლობლები სულ აკრიტიკებენ თურმე, ამდენს რომ საუბრობთ, საქმეს როდისღა მიხედავთო. "საქმეც ხომ ერთი აქვთ და საფიქრალიც" _ ბავშვები სკოლაში, მუსიკაზე უნდა ატარონ. სანდრო კლარნეტზე უკრავს და კარატეში ლურჯი ქამრის მფლობელიც გახლავთ, პატარა ნატუჩელა კი ფლეიტისტია. "მათგან ბევრ რამეს ვსწავლობთ" _ აღნიშნავენ მშობლები. კოტე და ნინო ყოველდღე ახალი შეყვარებულებივით ერთმანეთს შეხვედრაზე უთანხმდებიან. ტელეფონზეც "გალურჯებამდე" შეუძლიათ მუსაიფი. ამასწინათ კონოში წასულან. სეანსი უკვე იწყებოდა, ნაცნობს რომ მოჰკრეს თვალი და შორიდან მოიკითხეს, ფოლმი რომ მორჩა ვეღარსად იპოვეს. მეორე დღეს "დაკარგული" ნაცნობი რეკავს და ეუბნება _ შეყვარებულებს ხელი არ შეგიშალეთო.
ჩაის მოლოდინში მოთხრობილი ამბები
გაგიგიათ, გოგოს ბიჭი მოსწონდეს და მისი სახელი ვერ დაიმახსოვროს? ისინი ერთი კვირის გაცნობილები იყვნენ. ამ დროის მანძილზე ნინომ ცხრაჯერ მაინც ჰკითხა კოტეს: "რა გქვია?"
ეს ამბავი თხუთმეტი წლის წინ დაიწყო სამხატვრო აკადემიის ერთერთ სახელოსნოში. კოტე მეოთხე კურსის სტუდენტია, ნინო კი ახალგახრდა მასწავლებელი, რომელსაც ერთი სული აქვს ლექციის მერე თვითონაც რომელიმე სახელოსნოში მოყუჩდეს და ხატოს. ირგვლივ რა ხდება არ აინტერესებს. სახეებსაც ცუდად იმახსოვრებს, უყურადღებო ტიპია. ხომ გითხარით, კოტეს სახელიც ვერაფრით დაიმახსოვრა. მიშა, გოგა, გიო, სამდრო, რას არ ეძახდა. კოტე თავიდან არ იმჩნევდა, მაგრამ თურმე მაგრად მწარდებოდა. ერთი ის ახარებდა, ყოველ დღე ნინოს სახლში რომ აცილებდა. მარტო არა _ მეგობრებთან ერთად. მერე რა? თავს ასე უფრო კომფორტულად გრძობდა. მარტო რომ დარჩენილიყო სანატრელ გოგოსთან, რა უნდა ეთქვა, ან რაზე უნდა ელაპარაკათ? დაბნეულიც იყო _ ვერ აცნობიერებდა მის თავს რა ხდებოდა (კოტეს რომ ჰკითხო, ერთი ნახვით შეყვარება არ ყოფილა). ძალიან მალე, გაცნობიდან სულ რაღაც ერთ კვირაში, კოტე და ნინო მეგობართან აღმოჩნდნენ სტუმრად. მეგობარმა მოიმიზეზა ჩაის ავადუღებო და ისინი ოთახში მარტო დატოვა. კოტეს ახსოვს, რომ მოუყვა ნინოს როგორ დახატა პირველი ნატურმორტი. 13 ან 14 წლის იქნებოდა ალბათ. მაგიდაზე საგულდაგულოდ დაალაგა ქოთანი და მოხარშული ქათამი. თუმცა, ხატვის პროცესი იმდენხანს გაუგრძელდა, რომ ქათამი გაფუჭდა და გალურჯდა. მერე კი ქათმის გამოსახულებისთვის მიამიტურად ეს სილურჯეებიც მიუხატია და რაც მთავარია, შედეგითაც კმაყოფილი დარჩენილა. მათი საუბარიც აეწყო. თურმე ერთ სკოლაში სწავლობდნენ, მაგრამ ერთმანეთი არ ახსოვდათ. ნინოსნაირი მეხსიერების პატრონს რა მოკითხება? კოტეს კი სადღაც მეშვიდე კლასიდან სკოლა აღარ ახსოვდა. ძველი თბილისის უბნებში დადიოდა, საათობით იჯდა და ხატავდა. ერთ დღესაც სკოლაში დედა დაუბარებიათ. შინ რომ მივიდა, მამამ მკაცრად მოსთხოვა ჩანთა, გახსნა და ცივად დახურა. ბიჭს ჩანთაში მხოლოდ ჩანახატების დასტა ელაგა. როგორც იცოდა ხოლმე, ნახატების წიგნებით უცებ გამოცვლა არ გამოუვიდა და კოტე სკანდალს ელოდა. თუმცა, მამას, რომელიც სულ ბუზღუნებს და აკრიტიკებს, ახლა საყვედურიც არ უთქვამს. პატარა მხატვარი მიხვდა, რომ დიდი მფარველი ჰყავს საქმეში, რომელიც ძალიან უყვარს. ამგვარი მინიშნებები ხშირად უგრძვნია მშობლების მხრიდან. აი, მუსიკის მასწავლებელი კი ვერაფრით დაურწმუნებია. მოწაფის თხილამურებით გატაცება არ ეყოფოდა, ახლა კიდე ხატვა! კოტე, როგორც სამთომოთხილამურე, მთლად წარუმატებელი არ ყოფილა, ეს კი იყო, ხშირად იმტვრეოდა. მუსიკის პედაგოგისთვის თავისი არგუმენტებიც მზად ჰქონდა _ ხომ შეიძლება როიალის სკამიდან გადმოვარდეს და ხელი მოიტეხოს? _ ისე აგიხდათ ყველაფერი. მეორე დღეს მასწავლებელი ატყობინებს: მეცადინეობის დროს სტუდენტი გორგოლაჭებიანი სკამიდან გადმოვარდნილა და ფეხი მოიტეხაო.
ქაღალდზე დახატული ისარი და ეჭვიანი დიასახლისი
ჩაის სმის ამბავს დავუბრუნდები _ კოტემ და ნინომ დღემდე ვერ ახსნეს ამდენ ხანს რაზე ადუღებდა ჩაის მათი მეგობარი. იმ დღესაც გალურჯებამდე უსაუბრიათ. როგორც იქნა, კოტემ ნინოს თავისი სახელიც დაამახსოვრა და სახეც. ამის შემდეგ დაიწყო ერთად გაუთავებელი სიარული. ისევ მეგობრები.
ერთ დღეს კახეთისკენ ჰქონდათ გეზი აღებული. გეგმა მალევე შეცვალეს _ ბათუმისკენ გაემართნენ. ბათუმში წასვლაც მეგობრების გარეშე არ იქნებოდა. ათიოდე წლის წინ, სამ ბიჭს და ერთ გოგოს ოთახის ქირაობა როგორ უნდა მოეხერხებინათ? ამიტომ ნინოს კეპი დაახურეს _ ვითომ ისიც ბიჭია. "ოთხი ბიჭის" ნომერმაც გაჭრა. სახლის პატრონი თამარა ბებია ეჭვის თვალით კი უყურებდა თბილისელ "ბიჭებს", მაგრამ გაბრიყვდა და ერთი ოთახი დაუთმო. თუმცა, მერე რაღაც მაინც არ მოსწონდა და თავისთვის ბუტბუტებდა: "არ არის ეს ბიჭი!" ყოველი დღე იმით იწყებოდა, რომ ბიჭები (გოგა და მიხო) უთენია დგებოდნენ და მთელი დღით გაურკვეველი მიმართულებით იკარგებოდნენ. ოღონდ, "მისამართის" დატოვება არ ავიწყდებოდათ. მეგობრების გაუჩინარებით დაბნეულ კოტეს და ნინოს ხვდებოდათ სუფთა ქაღალდი და ზედ მიხატული ისარი, მეტი არაფერი. ანუ, ისარი საითაც გინდა მიატრიალე და წადი... ისინი არსად მიდიოდნენ. ხო, ფულიც არ ჰქონდათ, რა ეგონათ ბათუმში 5-5 მანეთით რომ ჩამოვიდნენ? ან კიდე რა ადარდებდათ? ერთი კი იყო, ცოტა შეწუხდნენ დიასახლისის ზედმეტი ცნობისმოყვარეობით, გამუდმებით თვალყურს რომ ადევნებდა მთელი დღე ოთახში შეკეტილ ორ "ბიჭს". ოთახს ორი კარი ჰქონდა და კოტემ და ნინომ არ იცოდნენ რა დროს, რომელ კარზე დაუკაკუნებდათ თამარა ბებია.
ბათუმი მათი სიყვარულის გაცხადების ქალაქად იქცა. თბილისში დაბრუნებულებმა კი ნინოს დეიდის ცარიელ ბინაში საერთო სახელოსნოც მოიწყვეს. თავიდან _ დიდი ხალხმრავლობა და მხიარულება, თანდათან მეგობრები ისე შემოეცალნენ, რომ ვერც მიხვდნენ. სახელოსნოში შეყვარებულები მარტო დარჩნენ. ამის მერე რაღა უნდა მომხდარიყო? აქედან იწყება მათი ოჯახის ბიოგრაფიაც.
ისმის სტვენა. ე.ი. კოტე მოდის!
შარშან ზაფხულში კოტე ხატავდა გონიოს ციხის ტერიტორიაზე გაჩაღებული "პენ-მარათონის" 24 საათიან ეპოპეას. ოჯახური იდილიის ფონზე მომუშავე მხატვარიც საკუთარი თვალით ვიხილე. ისე მოხდა, რომ კოტე სულაბერიძის, კოტე ჯანდიერის და მახო ხარბედიას ოჯახობები ერთ კოტეჯში დავბინავდით. კოტე ხატავდა, ჩვენ კი მარათონელებს, ასე ვთქვათ, შორი-ახლოდან ვგულშემატკივრობდით. ერთ ჭერქვეშ ორი კოტე რომ გვყავდა, ამასთან დაკავშირებით, კოტე ჯანდიერის იუმორმა, რომ იტყვიან "ფრთა შეისხა". აქაოდა, სურვილი ჩაიფიქრეთო, ორი კოტე "კოტეჯს" ვუხდებითო და მახოსაც რომ კოტე ერქვას, ჩვენს საცხოვრებელს "ტრიკოტაჟად" მოვნათლავდიო. არის თუ არა სამი კოტე "ტრიკოტაჟი"? _ არ ვიცი. "მეორე" კოტეს მოლოდინში ერთი რამე კი შევამჩნიეთ. მხატვარი კოტეჯს მოუახლოვდებოდა თუ არა, უსტვენდა. არც ის ვიცი რა დავარქვა ამ სტვენას. ეს არც გუგულისებრ "გუგუს" ძახილს ჰგავდა და არც იმას, პირში ჩადებული თითებით ან კიდე საგანგებო ხელსაწყოს, სასტვენის მეშვეობით მაღალ მკვეთრ ხმას რომ გამოსცემენ. უფრო რომელიღაც ფრინველის ტკბილი სტვენა-გალობა გეგონებოდათ. ნინომ ამიხსნა: კოტეს ასეთი ჩვევა ჰქონია. თბილისშიც, ეზოდანვე ასე, სტვენით, ანიშნებს ცოლ-შვილს მოვედიო. თან ზევით იყურება, ზუსტად იცის, რომ ფანჯარაში მომენტალურად გამოჩნდება ნინოს, სანდროს და ნატას სამი თავი.
წითელი ყაყაჩოებით სავსე მდელო
ნინო: "ნახე, რა ლამაზია! "
კოტე: "მდელოა, რა. ყაყაჩოები სად არის?"
როცა ამ სიტყვებს ამბობდა, მაშინ კოტეს თავისი მხედველობის ნაკლის შესახებ ჯერ არაფერი გაეგებოდა. აკადემიაში რომ აბარებდა, ათასგვარ საბუთთან ერთად ჯანმრთელობის ცნობაც მოსთხოვეს. თვალის ექიმმა დალტონიზმის დიაგნოზით გამოისტუმრა. კოტეს სასაცილოდაც არ ეყო თურმე და საჭირო ცნობა ექიმის გვერდის ავლით იოლად მოიპოვა. სამ კვირაში კი წარმატებით ჩააბარა გამოცდები. ჯარში რომ მიდიოდა და იგივე განმეორდა, მაშინ კი დაეჭვდა. სასწრაფოდ გაესინჯა მეგობარ ექიმს, რომელმაც დაუდასტურა _ ფერადოვანი მხედველობის დარღვევა: ზოგიერთ ფერს ერთმანეთისგან ვერ არჩევს, მეტწილად წითელსა და მწვანეს. ამის მერე რაღა უნდა ექნა მხატვარს, გადმოალაგა წიგნები, დალტონიზმის დამამტკიცებელი ათასნაირი ტესტი მოქექა _ ლამის ფერის აღქმის საკუთარი თეორია ჩამოაყალიბა. "დალტონიზმი ბევრს აქვს ისე, რომ არ იცის. შენ თვითონ დისკომფორტს არ გიქმნის. ცხვირი ცხვირია, მაგრამ ყველას განსხვავებული გვაქვს. მხედველობაც სუბიექტურია. მე, როცა მწვანეს და წითელს ერთად ვხედავ, ჩემი თვალისთვის მწვანე უფრო გამაღიზიანებელია, ვიდრე წითელი". ამ თეორიის საფუძველზე ნამუშევრებიც აქვს შექმნილი. ერთი განყენებული პეიზაჟი, მეორე _ იგივე, დანახული კოტეს თვალით. მისეულ "ანომალიურ" პეიზაჟში ხედავს ისე, როგორც ყველა. იქ ყველაფერი პრიქითაა. ანუ, ეს არის ნორმალური და ანომალიური მხედველობის მქონე ადამიანების კომუნიკაციის საშუალება.
Почему картина называется "Родиной"?
Потому что она состоит из маленьких родинок...
იყო დრო, როცა კოტე ცოლთან ერთად კიოლნში ცხოვრობდა. ნამუშევრები კარგად ეყიდებოდათ, საინტერესო შემოთავაზებებიც მიღეს _ გაჩნდა დარჩენის რეალური შანსი. კოტე მერყეობდა, ნინო კი კატეგორიულ უარზე იყო. მარტო იმიტომ არა, რომ შინ პატარა სანდრო ელოდათ. თბილისის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია _ "მიწას შეიძლება ყველგან ერთი სუნი აქვს, მაგრამ მე აქაურობას ფესვებით ვარ მიბმული. გერმანიაში ცხოვრება? არა! მოსკოვშიც კი მიჭირდა დიდხანს ყოფნა". კოტე სულაბერიძეს მოსკოვის დიდი თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს ჭერის მოხატულობისთვისაც შეუვლია ხელი. მოსკოვური გამოფენების ხშირი სტუმარიც არის. გელმანის გალერეაში ქართველ მხატვართა ჯგუფურ გამოფენაზე წარდგენილი ჰქონდა "სამშობლო" _ საქართველოს რუკა, რომელზეც კოტეს შავი წერტილებით მოუნიშნავს ის ადგილები, სადაც კი ყოფილა და უცხოვრია. "ჩემს სამშობლოს შავი წერტილები საზღვრავენ" _ აცხადებს მხატვარი. სურათს თან ახლდა სანდროს პირველი ლექსი სამშობლოზე. გამოფენაზე ნამუშევრის გაყიდვით დაინტერესებული რუსი კორესპოდენტი სულელურ კითხვას სვამს: "Почему картина называется "Родиной"?კოტე კი პასუხობს: "Потому что она состоит из маленьких родинок..."ჩვენი დღევანდელობა და არც ისე შორი წარსული არა ერთხელ გამხდარა მხატვრის ინსპირაციის წყარო ("ომობანა", "მატარებელი, რომელიც წავიდა", "უცნობი მხატვარი. ლენინი 1976 წელს", "Лицо кавказской национальности").
ნამუშევარმა "Лицо кавказской национальности" საყოველთაო ყურადღება მიიპყრო გამოფენაზე "ხატი და შემეცნება" (1996 წ.). მხატვარმა "კავკასიური ეროვნების სახედ" ედუარდ შევარდნაძე წარადგინა. მაშინ კოტე სულაბერიძე ერთ-ერთ გაზეთში "კარის მხატვრადაც" მოუნათლავთ. ამის დამწერებმა არ ვიცი როგორ აღიქვეს მხატვრის ირონია. სურათზე შევარდნაძე თითქოს გაფუჭებული ტელევიზორის ეკრანიდან გვიყურებს და იღიმის _ მისი სახე შეგნებული პაროდირების ობიექტია. ბუნდოვანი გამოსახულება და ერთიანი მომწვანო ტონი (ე.წ. აწ) კი ამ "პირმცინარ" სახეს ცივ ვირტუალობად გარდასახავს.
***
კოტე სულაბერიძის დიდი ხნის თანამშრომლობა გამომცემლობა "დიოგენესთან" მოიცავს წიგნის ილუსტრირებას, დიზაინს, ან მთელი კონცეფციის შემუშავებას. პიველი წიგნი, რომელიც გააფორმა, იყო კ.გ. იუნგის "სიზმრები". ამას მოჰყვა კიპლინგის "სწორედ ასეთი მოთხრობები", ჯ. ქარჩხაძის "იგი", "პენ მარათონის" და "ახალი თარგმანების" კრებულები, მუზილის "სამი ქალი" და ა.შ. მხატვარი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა "მაფში" (მედია არტ ფარმი). კოტეს ხშირად უწევს ლოგოების, პოსტერების, პლაკატების გაკეთება (ვაკის საცურაო აუზის თუ შვეიცარული საათების მაღაზიის ლოგოები). რასაც არ უნდა აკეთებდეს, ყველა საქმეში შემოქმედებას ეწევა. თუმცა, ერთ რამეს აღნიშნავს: "რაც უფრო ვიზრდები, ვგრძნობ, რომ ბევრი რამ შეიძლება ვერ მოვასწრო. რეალურ ცხოვრებაში ბევრი დრო მეხარჯება. ალბათ, ასი წელიც რომ ვიცხოვრო _ არ მეყოფა შემოქმედებითი სურვილების განსახორციელებლად".
***
ვიცი, რომ მხატვარს ასეთი რამ არ უნდა ჰკითხო, მაინც წამომცდა: "საყვარელი ნამუშევარი?..." კოტე: "ნამუშევრები, რომლებიც ჩემთან დარჩა. დანარჩენი გაყიდულია."
ფოტოების წყარო: ArtClubCaucasus
ი.მახარაძე
2006
No comments:
Post a Comment