24 May 2009

ოქტავიო პასი - ბუნება, აბსტრაქცია, დრო

"ბუნების ბაძვიდან - ბუნების ნგრევამდე" - ეს სახელი შეგვეძლო გვეწოდებინა დასავლური ხელოვნების ისტორიისთვის. პიკასო, თანამედროვე მხატვრებს შორის ყველაზე სიცოცხლისუნარიანი შემოქმედი, ალბათ ყველაზე ბრძენიც იყო: თუკი ვერ გავურბივართ ბუნებას - არადა, ამას ცდილობდა პიკასოს ბევრი მიმდევარი და თანამედროვე - ყოველ შემთხვევაში, შეგვიძლია დავამახინჯოთ, დავანგრიოთ მაინც იგი. თუმცა, არსებითად, საუბარია მისი განდიდების ახალ ფორმაზე. არაფერია ბუნებისთვის უფრო სასიამოვნო, ამბობდა სადი, ვიდრე დანაშაული, რომლითაც მის შეურაცხყოფას ვლამობთ. მასში ხომ შენება და ნგრევა ერთ მთლიანობას ქმნიან. რისხვა, სიამოვნება, ავადმყოფობა ან სიკვდილი არანაკლებ საშინელ (ან კომიკურ) სახეს ანიჭებენ ადამიანს, ვიდრე ის სიმახინჯე, დეფორმაციები და სტილიზაციები, რითაც პიკასოს აგზნებული გენია ტკბება.
ბუნებამ არ იცის ისტორია, მაგრამ მის ფორმებში ცხოვრობს წარსულის, აწმყოსა და მომავლის ყველა სტილი. ქაბულის ველზე ამოზიდულ კლდეებში გოთიკური სტილის დაბადება, აყვავება და დაისი დავინახე. ქვებით, წყალმცენარეებით, ქვეწარმავლებითა და მახინჯი მწერებით სავსე მომწვანო ტბორში ერთდროულად ანგკორის ბაიონი (1) და მაქს ერნსტის ეპოქა შევიცანი. ტეოტიუაკანის (2) შენობათა ფორმა და მდებარეობა მეხიკოს ველის ასლია. და იგივე პეიზაჟი შუნგას ფერწერას წინასწარმეტყველებს. მიკროსკოპით აღმოვაჩენ, რომ ზოგიერთ უჯრედში უკვე ჩადებულია ტიბეტური ტანკების ფორმულა. ტელესკოპი კი მაუწყებს, რომ ტამაიო (3) არამხოლოდ პოეტია, არამედ ასტრონომიც. თეთრი ღრუბლები ბერძნებისა და არაბების სიმღერებია. ვუცქერი მოჯადოებულ ვერცხლს - მინისებრი და სადაფისფერი ფენით დაფარულ ობსიდიანის ნატეხს და მონე მახსენდება მთელი თავისი "შთამომავლებით". შეუძლებელია არ აღიარო: ბუნება აბსტრაქციებში უფრო ამოიცნობა, ვიდრე თვალნათლივ გამოსახულებებში.
თანამედროვე, აბსტრაქტულ ფერწერაში ორმა მიმდინარეობამ იჩინა თავი: საფუძველთა ძიებამ (კანდინსკი, მონდრიანი) და ე.წ. ანგლოამერიკული ექსპრესიონისტების (4) ნატურალიზმმა. მოძრაობის ფუძემდებლებს სურდათ ბუნებიდან დაეწყოთ, წმინდა ფორმების სამყარო შეექმნათ ან ყველა ფორმა მათ პირველსაწყისზე დაეყვანათ. ინგლისელები და ამერიკელები არ ეძიებდნენ ბუნებაში შთაგონებას, მათ გადაწყვიტეს ბუნებასავით ემოქმედათ. მათთვის ფერწერა როგორც ჟესტი და აქტი - ორეულია, მეტ-ნაკლებად რიტუალური, ბუნებრივი მოვლენისა. ფერწერა მზის, წყლის, მარილის, ცეცხლის ან დროის საგნებზე ზემოქმედებას ჰგავს. და ფერწერაც, ისევე როგორც ბუნებრივი მოვლენა, გარკვეული სახის შემთხვევითობას წარმოადგენს: მთელ რიგ მოვლენათა მოულოდნელ შეტაკებას. ძალზე ხშირად შესანიშნავ შედეგს ვიღებთ ხოლმე: როცა ნახატები - ცოცხალი მატერიის ფრაგმენტები - თამამი სიშიშვლის ვნებით ანთებულ კოსმოსის ნატეხებს წარმოადგენენ. თუმცა, ასეთი ხელოვნება მთლიანი არაა, როგორც პოლოკის - ასეთ შემოქმედთა შორის ყველაზე ძლიერის - მაგალითი გვიჩვენებს. მის დიდ ტილოებს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული, ამიტომაც მათი ზომებისა და ენერგიის მიუხედავად, ისინი გიგანტურ ნატეხებს წარმოადგენენ და არა დასრულებულ სამყაროებს. ასეთი ფერწერა არ აკმაყოფილებს მთლიანობისკენ ჩვენს ლტოლვას - დიდი ხელოვნების უმთავრეს თვისებას. ეს მხოლოდ ფრაგმენტებია, მხოლოდ ბუტბუტი: უდიდესი სურვილი რაღაცის გამოთქმისა, მაგრამ ჯერ კიდევ არასრულფასოვანი მეტყველება.
აბსტრაქტული ფერწერა, იდეალისტური ან ნატურალისტური - ზედროითი ხელოვნებაა. ყოველგვარი არსისმიერისთვის ან ბუნებისთვის უცხოა ადამიანური ქრონოლოგია: ბუნების ელემენტებმა არ იციან თარიღები, ისევე როგორც იდეებმა. მე თანამედროვე ხელოვნების სხვა მიმდინარეობას ვამჯობინებ - იმას, რომელიც ცდილობს სწორედ ცვალებადობაში მოიხელთოს საზრისი. ეს დროითი ხელოვნება - საგნობრივი გამოსახვა, დამახინჯება, მეტამორფოზაა: მარაოს ერთ კიდეზე პიკასოა, მეორეზე კი - კლეე. ცენტრში - დიუშანი და დიდი სიურეალისტები. ჯერ არავის უსაუბრია აქამდე დროით და ზედროით ხელოვნებას შორის უხილავ დაპირისპირებაზე. პირიქით, მუდამ აბსტრაქციასა და საგნობრივ გამოსახულებას შორის მიდიოდა კამათი. იდეალისტურ აბსტრაქტულ ხელოვნებას უნდა ვუმადლოდეთ საუკუნის დასაწყისის ყველაზე თანამედროვე და სუფთა ქმნილებების არსებობას. არანაირი აუცილებლობა არაა შევეხოთ მას, ან გავიმეოროთ - ნატურალიზმმა და ექსპრესიონიზმმა დაძაბული და ძლიერი, მაგრამ ჰიბრიდული ნაწარმოებები მოგვცა. ჰიბრიდულობა - ბუნებრივი მოვლენისა (წმინდა ობიექტურობა) და ადამიანის ჟესტის (სუბიექტურობა, წინასწარგანზრახულობა) დაპირისპირების შედეგია. სხვაგვარადაც შეგვიძლია ვთქვათ: ამ ფერწერაში ერთმანეთს ერევა, მაგრამ არ ერწყმის, ორი განსხვავებული რეალობა - სურათის ცოცხალი მატერია (ენერგია და ინერცია) და მხატვრის რომანტიკული სუბიექტივიზმი. გმირული, მაგრამ ამავე დროს თეატრალური ფერწერა: გმირული საქციელი და წარმოდგენა. თავის მხრივ, დროითი ხელოვნებაც წამის გამყარებაა, რომელიც თავისი ალით აიტაცებს გარეგნულ სახეს და დაწვავს მას. დროითი ხელოვნება რეალობას აღწერს მაშინაც, როცა ანაწევრებს მას, როგორც ეს პიკასოსთან ხდება. გარეგნულია არამხოლოდ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ. ბრეტონი "შინაგან მოდელზე" საუბრობს და ამით გვახსენებს აჩრდილებს, რომლებითაც დასახლებულია ჩვენი ღამეები, იდუმალ ხატებას, რისი მეშვეობითაც სამყაროს "სხვაგვარობა" ვლინდება. ჯაკომეტიმ თქვა, რომ მხოლოდ ერთ რამეს ისურვებდა: ოდესმე დაეხატა ან გამოექანდაკებინა რეალური სახე.
ბრაკი არ ეძებს საგნის არსს: საგანი მასთან დროის გამჭვირვალე ნაკადში ერთვება. კირიკოს უკაცური საათები. კლეეს ხაზები, ფერები, ისრები და წრეები: მოძრაობისა და მეტამორფოზის პოემა. გარეგნული - სამყაროს შიფრია, ყოფიერების შიფრი. ასევეა ნაიარევი, დროის მიერ მიყენებული ჭრილობა: ეს წამია და წამები. ესაა ნიშანი, რომელიც მხოლოდ მიანიშნებს საგანზე, მაგრამ არასდროს არ ეხება მითითებულ და სასურველ საგანს.
მთავარია საზრისის, არსის ძიება, ან მათი ნგრევა (რაც ერთი და იგივეა: ჩვენ ვერსად გავექცევით საზრისს). ჩვენი დროის ერთადერთი უმნიშვნელო ხელოვნება რეალიზმია და არა იმდენად უფერულობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ცდილობს ბუნებრივი და სოციალური რეალობა აღწეროს, რეალობა, რომელმაც დაკარგა თავისი საზრისი. დროითი ხელოვნება საკუთარ თავს უპირისპირებს საზრისის ამ დაკარგვას და ამიტომაც, ძირითადად წარმოსახვის ხელოვნებად იქცევა. ამ თვალსაზრისით დადაიზმი ნიმუში იყო (და მართლაც შეუდარებელი ნიმუში, მიუხედავად იმისა, რომ იგი ცდილობდა კომერციული მიზნებით გამეორებულიყო ნიუ-იორკში): დადაისტური ხელოვნება არამხოლოდ უ-მნიშვნელობისა და უშინაარსობის პირისრპირ დადგა, არამედ უ-მნიშვნელობიდან ინტელექტუალური მსხვრევის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი შექმნა. სიურეალიზმი მნიშვნელობას წამის ვნებიან მაგნეტიზმში ეძებდა: სიყვარულსა და შთაგონებაში. აქ გადამწყვეტი იქნება სიტყვა "შეტაკება". რა დარჩა ყველაფერ ამიდან? რამდენიმე სურათი და ლექსი: ცოცხალი დროის მტევანი. ეს სრულიად საკმარისია. საზრისი ხომ მაინც სხვაგანაა, სადღაც იქ, მიღმა.
დროითი ხელოვნება გარეგნულ ხატსა და მის ნგრევას შორის მერყეობს, მნიშვნელობასა და უ-მნიშვნელობას შორის. მაგრამ ჩვენ ერთიან ხელოვნებას ვესწრფით. არა ტოტალურ, როგორც რომანტიკოსებს სურდათ, არამედ ტოტალობის ხელოვნებას. გვაქვს კი დღეს ასეთი რამ?

თარგმნა
მალხაზ ხარბედიამ

(1) ბაიონი - ტაძარი, ანგკორის ერთ-ერთი ცენტრალური ნაგებობა; ტაძრების, სასახლეების, წყალსაცავებისა და არხების გრანდიოზული კომპლექსის ნაწილი ქ.სიემ-რეაპას (კამბოჯა) მახლობლად.
(2) ქალაქი, ცენტრალური მექსიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კოლუმბამდელი ცივილიზაცია, ჩამოყალიბდა ჩვ.წ. I ათასწლეულში.
(3) რუფინო ტამაიო (დაბ.1900) - მექსიკელი ფერმწერი. (4) მე არ მომწონს ტერმინი "ექსპრესიონიზმი" აბსტრაქტუულ ფერწერასთან მიმართებაში; აბსტრაქციასა და ექსპრესიონიზმს შორის წინააღმდეგობაა. ასევე შეცდომაში შევყავართ ცნებას "აბსტრაქტული ფერწერა". უკვე ბენჟამენ პერე აღნიშნავდა, რომ ხელოვნება ყოველთვის კონკრეტულია და თავისებურებებით ხასიათდება (ავტორის შენიშვნა).

No comments: