18 June 2009

გია ბუღაძე - ჩვენი უკვდავი თანამედროვე


ფოტოზე ირაკლი ფარჯიანი

იმ ხელოვანთაგან, რომელნიც ადრე მიდიან, ალბათ მარად ახალგაზრდულ სიხალასეს მოითხოვს განგება. მათ შემოქმედებას, მათ ქმნილებებს დაღლილობის ნიშანწყალიც კი არ ეტყობა. საქართველოში, ამ ჩვენს პატარა ქვეყანაში, ალბათ, პოეზიის ახალგაზრდული მარადიულობა მაინც ნიკოლოზ ბარათაშვილი გახლდათ. მხატვრობაში კი ირაკლი ფარჯიანი - ჩემი უფროსი ძმა, საყვარელი მეგობარი და დიდი მხატვარი.
ირაკლის შემოქმედებას ღრმად აქვს გადგმული ფესვები ქართული ხატწერის უშორესი და ულამაზესი ტრადიციის სიბრძნეში.
ეს არის მისტიური თვითგარინდება _ თვითჩაღრმავების საუკუნოვანი ტრადიციებიდან რომ იკვებება და ასევე ივსება, ნაყოფიერდება თანამედროვე მხატვრობის, სახვითობის კონცეფციურ _ სტილისტური მეთოდებითა და ხერხებით, რაც ირაკლი ფარჯიანის ხელოვნებას, მე ვიტყოდი სამარადჟამოდ თანამედროვეს ხდის. ასე რომ მისი წარმოუდგენლად დამაჯერებელი, განუმეორებელი ხატოვანება გახლავთ ნაერთი ტრადიციის სიბრძნისა და დღევანდელობის ცხოველმყოფელობისა.
ირაკლი ფარჯიანი ამ ცხოვრებიდან 41 წლისა წავიდა. მის სულში მოკაშკაშე მზე დილის იმპულსებით ძალუმად სხივოსნობდა, რაც არაჩვეულებრივი ძალით აისახა მის ბოლო ქმნილებებში, გრაფიკულ ოპუსებში, რომელიც მან უკანასკნელ ზაფხულს შექმნა მანგლისში… მანმადე კი, მართლაც გენიალურ ჯვარცმა-ხარების ციკლებში.

17 June 2009

ლევან ჭოღოშვილი - მეფეთა პორტრეტების სერია(1998 წელი)














ლევან ჭოღოშვილის მხატვრობის თემას უმთავრესად პორტრეტი შეადგენს. აქ გვხვდება ქართველი არისტოკრატების ჯგუფური პორტრეტები, საქართველოს მეფეთა პორტრეტების სერიები რელიგიურ თემატიკა, საქართველოს ისტორიის ამსახველი სურათები, ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟთა სახეები.
მხატვრის ნამუშვერებიდან ჩვენი ყურადღება მიიპყრო მეფეთა პორტრეტების სერიამ, რომელიც მან 1998 წელს ნავთობის კორპორაციის დაკვეთით შეასრულა. ესენია: მითრიდატე დიდის, ვახტანგ გორგასალის, ბაგრატ III, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და გიორგი ბრწყინვალეს პორტრეტები.
1980-იანი წლების დასაწყისში ლევან ჭოღოშვილმა შექმნა ქართველ მეფეთა სახეები ამჯერად გრემის მონასტრისათვის - იქაური მუზეუმის დაკვეთით.
შემკვეთთა სურვილის თანახმად, სერიაში წარმოდგენილნი არიან კახეთის სამეფოს დიდი მეფეები: ქეთევან დედოფალი, თეიმურაზ I, გრემის მონასტრის დამაარსებელი ლევან მეფე, ერეკლე II და თეიმურაზ II, მხატვრის თქმით, მან ცენზურის გამო სწორედ ის მეფეები აირჩია, რომლებიც ისტორიულად ასე თუ ისე დაკავშირებულნი იყვნენ რუსეთის სამეფოსთან.
ეს გახლავთ ზეთის საღებავებით შესრულებული მონუმენტური პორტრეტები. არსებითია, რომ ამ სერიის შექმნისას მხატვრის ძირითადი ორიენტირები შუასაუკუნეების ქართულ კედლის მხატვრობას (XII საუკუნე), შუასაუკუნეების პოლონური პორტრეტის ტრადიციებს, ირანულ პორტრეტულ მხატვრობასა და კასტელის ნახატებს ესადაგება. როგორც მხატვარი ამბობს, იმ დროს დაუშვებელი იყო ყოველგვარი დეფორმაცია და მაშინდელი "ჭრელი" ფერწერის საპირისპიროდ შეგნებულად გამოიყენა "ჩამქრალი" ფერები.
საერთოდ, დამკვეთი და მხატვარი იშვიათად თანამშრომლობენ შეთანხმებულად არც ისე ადვილია მათ შორის თანხმობის მიღწევა. დამკვეთი არასოდეს შემოფარგლება ვადის უბრალოდ განსაზღვრებით, ან თუნდაც ასანაზღაურებელი თანხის ციფრით. მასაც სურს მიიღოს მონაწილეობა მომავალი ნაწარმოების შექმნაში. მხატვარი კი მხოლოდ ერთს იხთოვს: არ დათრგუნონ მისი შემლქმედებითი ნება, რომ უცხო, მოუხელთებელი ხელი არ შეეხოს მის ფანტაზიას. ეს ორი შეუთანხმებელი მსოფლმხედველობა განსაკუთრებულად იჩენს თავს პორტრეტის სფეროში. ამიტომაც დაკვეთა გარკვეულ კომპრომისს გულისხმობს მხატვრის მხრიდან. ლევან ჭოღოშვილი ამბობს: "ის მეფეები, რომლებიც მე გრემის მონასტრისათვის დავხატე და ეს მეფეებიც, რა თქმა უნდა, გარკვეული კომპრომისია. იდეალურ შემთხვევაში, მხატვარი თავისთვის უნდა მუშაობდეს, არ უნდა ფიქრობდეს სად გამოფინოს, სად გაყიდოს თავისი ნამუშევრები. მიუხედავად იმისა, რომ დამკვეთმა სრული თავისუფლება მომცა, ისიც იგრძნობდა, რომ ნამუშევრები მოსწონდა, კომპრომისი ძალაუნებურად მაინც არსებობდა".