09 June 2010

ზურაბ ქარუმიძე, "ჯაზის ცხოვრება", თბ. “სიესტა”, 2009.


პირველი წიგნი, რომელიც ქართულ ენაზე ჯაზის შესახებ წავიკითხე, ვახტანგ ჯალიაშვილის "ინსტრუმენტული ჯაზი" იყო, 70-იან წლებში დაბეჭდილი გაცრეცილი გამოცემა, რომელიც იმ პერიოდისთვის ალბათ, ამ თემაზე დაწერილი ერთადერთი წიგნი გახლდათ ჩვენს სინამდვილეში, მას შემდეგ გავიდა წლები, აკრძალვა ჯაზზე მოიხსნა, მისი მოსმენა ე.წ. კარგი ტონის აუცილებელი შემადგენელიც კი გახდა, მით უმეტეს, თუ ინტელექტუალობაზე დებდი თავს; გაფართოვდა ამ ჟანრის შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და მოსმენის შესაძლებლობები, გაჩნდა არაერთი მიმართულება, თუმცა, ქართულ ენაზე ჯაზურ მუსიკასთან ზიარების ბედნიერება ისევდაისევ ჯალიაშვილის გაყვითლებული გამოცემით იყო შესაძლებელი. და აი, ნავსი გატყდა. მწერალმა ზურაბ ქარუმიძემ ძალიან კარგი წიგნი შემოგვთავაზა, რომელსაც "ჯაზის ცხოვრება"ჰქვია. "მე არც მუსიკისმცოდნე ვარ და არც ისტორიკოსი _ ამდენად რაიმე მუსიკალური ჟანრის ისტორიის დაწერა ფიქრადაც არასოდეს გამივლია. ოღონდ ეგაა, რომ სიყვარულმა კაცს შეიძლება გონება აურიოს... ჰოდა, მეც სიყვარულმა დამაწერინა ეს წიგნი _ ჯაზური მუსიკის სიყვარულმა" _ წერს გამოცემის წინათქმაში ავტორი და 433 გვერდზე გვიყვება ჯაზის ისტორიას _ წარმოშობიდან დღემდე. ასევე, გვაცნობს იმ ადამიანებსაც, ვინც ამ დიდებულ მუსიკას ქმნიდა და ქმნის, ლეგენდარული ბადი ბოლდენიდან _ უინტონ მარსალისამდე.
ჟურ. ლიტერატურა ცხელი შოკოლადი, 2009

No comments: